თაბაშირში შესრულებული "თამარ მეფის" სკულპტურა, რომელიც ხელოვანის, ჯემალ ჯაფარიძის სადიპლომო ნამუშევარია, წლების შემდეგ საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი. "თამარ მეფის" ქანდაკების გვერდით, დამთვალიერებელი მეორე სადიპლომო ნამუშევარს, - "ბალეტის დიდოსტატსაც” შეხვდება. სკულპტურების ისტორიას კი თავად ავტორი იხსენებს.
დედა-შვილობა, ამორძალები, ოჯახი, მითოლოგიური პერსონაჟები და ქალების პორტრეტები, - ეს ის მთავარი მოტივებია, რომელზეც წლების განმავლობაში ჯემალ ჯაფარიძე მუშაობდა. თითოეული კი მისთვის ძვირფასი საგანძურია.
ჯემალ ჯაფარიძის ნამუშევრები ბრინჯაოში, თაბაშირში, მარმარილოში და ხეშია შესრულებული. მოქანდაკის 22 ნამუშევარი წლების განმავლობაში შექმნილ სკულპტურებს აერთიანებს. ნამუშევრები მისმა შვილმა, ხელოვანმა მამუკა ჯაფარიძემ შეაგროვა და ეროვნულ გალერეაში მოუყარა თავი.
რეტროსპექტული გამოფენა დამთვალიერებლისთვის ღიაა. ჯემალ ჯაპარიძის შემოქმედების კიდევ ერთხელ სანახავად, მისი შემოქმედებითი მეგობარი ოლეგ ტიმჩენკო ეწვია.
გამოფენის კარი ხელოვნების და რეტროსპექტული სკულპტურების მოყვარულებისთვის დღეს გაიხსნა. ჯემალ ჯაფარიძის ნამუშევრების დათვალიერება მსურველს 1 სექტემბრის ჩათვლით შეეძლება.