27 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
"ოცნებიდან" წასული დეპუტატების წერილი, სადაც აშშ-ის ელჩს უმძიმეს ბრალდებებს უყენებენ, კვლავ პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა

ვრცელი წერილის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს კიდევ ერთხელ განმარტავენ. "ხალხის ძალა" ამჯერადაც ბოლო სამის წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული თითქმის ყველა პოლიტიკური მოვლენის მიღმა, ოპოზიციის, მესამე სექტორისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კოორდინირებულ მუშაობას ხედავს. ოთხეულმა დღეს ამ მოსაზრების გასამტკიცებლად ოპოზიციის განცხადებებიც მოიშველია, მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატები ამბობენ, რომ მათმა ოპონენტებმა ვრცელ წერილში გაჟღერებული ფაქტები ვერ უარყვეს.

ზეწოლის დამატებით ფაქტებზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა "ხალხის ძალის" კიდევ ორმა წევრმა. მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ამჯერადაც ის კონკრეტული მაგალითები დაასახელეს, რომელიც მათი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. მმართველი პარტიის ყოფილ წევრებს დღესაც აინტერესებთ - რატომ არ ემიჯნება ამერიკის ელჩი ოპოზიციის, მესამე სექტორისა და უკრაინელი მაღალჩინოსნების მოწოდებებს ომთან დაკავშირებით.

"ხალხის ძალის" განცხადებებს კვლავ ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელებად აფასებენ ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც ამბობენ, რომ წერილში მოყვანილი ფაქტები უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი ბრალდებებია.

მმართველ პარტიაში დღესაც, ტრადიციულად მათი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებების შინაარსობრივი განხილვა არ ისურვეს. "ქართულ ოცნებაში" თქვეს მხოლოდ ის, რომ აშშ-ის საელჩოსთან სახელისუფლებო გუნდს საკომუნიკაციოდ კონკრეტულ ფორმატები აქვს.

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრების წერილში მოყვანილ ფაქტებს დღეს საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. ილია დარჩიაშვილმა თქვა, რომ საქართველოსთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ხელისუფლება ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად ყველაფერს აკეთებს.

"ხალხის ძალამ" ვრცელი წერილი გუშინ, პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. მმართველი პარტიის ყოფილი 4 წევრი განცხადებაში 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს იხსენებდა. მათი მტკიცებით, ამ პროცესების მიღმა ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან ერთად, ამერიკის საელჩოც დგას.

დღის ამბები