საქართველოსთვის ისტორიული ტურნირის დაწყებამდე ზუსტად 20 დღე დარჩა. 1 სექტემბერს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი - ევრობასკეტი დაიწყება. პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, კონტინენტის პირველობის ჯგუფურ ეტაპს თბილისი უმასპინძლებს. "ა" ჯგუფის მატჩები "თბილისი არენაზე" გაიმართება. ტურნირისთვის საგანგებო რეჟიმში ემზადება ეროვნული ნაკრები, ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი უკვე გამართა. 12 აგვისტოს კი საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე კიდევ ერთ ტესტ-მატჩს ჩაატარებს, ქართველი კალათბურთელები ისრაელის ნაკრების დამარცხებას შეეცდებიან.
ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს NBA-ს ვიცე-ჩემპიონ "მილუოკი ბაკსის" ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი, ისრაელის წინააღმდეგ ის ეროვნულ გუნდში 3 წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს. მამუკელაშვილს ამ დრომდე ნაკრების შემადგენლობაში 2 ოფიციალურ მატჩი აქვს გამართული, 17 წუთში მას ქულა არ ჩაუგდია. ქართველი ფორვარდი სტატისტიკის გაუმჯობესებას 12 აგვისტოს შეეცდება. ეროვნულ ნაკრებს ამ ეტაპზე ვერ დაეხმარება გოგა ბითაძე, "ინდიანა პეისერსის" ცენტრი ამერიკაშია და რეაბილიტაციას გადის.
ევროპის ჩემპიონატის "ა" ჯგუფში ქართველი კალათბურთელების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან. პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 1 სექტემბერს ბელგიასთან გამართავს. ფიბამ მომავალი ევროპის ჩემპიონატის რეიტინგი გამოაქვეყნა. სლოვენია, საფრანგეთი და საბერძნეთი მთავარი ფავორიტები არიან, საქართველოს ნაკრები კი 14-ე ადგილზე იმყოფება.
საქართველოს ნაკრები 12 და 13 აგვისტოს ისრაელს ორჯერ დაუპირისპირდება, პირველი მატჩი 19 საათზე დაიწყება,მეორე შეხვედრა კი მედიისთვის და გულშემატკივრებისთვის დახურული იქნება.
ისრაელის შემდეგ ეროცნული გუნდი საბერძნეთში გაემგზავრება და 17-19 აგვისტოს "აკროპოლისის თასზე" მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე კი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, პირველ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 24 აგვისტოს თბილისი არენაზე ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი