დონალდ ტრამპის ბრალდებებს FBI-ის დირექტორი პასუხობს. ამერიკის 45-ე პრეზიდენტის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სპეცსამსახურის ხელმძღვანელი მედიასთან პირველად გამოჩნდა, თუმცა ტრამპის რეზიდენციაში ჩატარებული ოპერაციის შესახებ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. კრისტოფერ რეი ამბობს, რომ FBI-სთვის მთავარი ამერიკის მოქალაქეების უსაფრთხოებაა და სპეცსამსახური ნებისმიერი ოპერაციის დროს სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს.
თავად დონალდ ტრამპი FBI-ს ნივთმტკიცებულების გაყალბებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სპეცსამსახური მისი პოლიტიკური ოპონენტების დავალებას ასრულებს. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის პოზიციას იზიარებენ მისი რესპუბლიკელი თანაგუნდელებიც, რომლებიც ქვეყნის გენერალური პროკურორისგან კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვენ.
გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, ბიუროს ხელმძღვანელი მედიასთან პირველად გამოჩნდა. კრისტოფერ რეიმ საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. FBI-ის დირექტორმა საკუთარი თანამშრომლები დაიცვა და განაცხადა, რომ სამართალდამცველების მიმართ ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება მიუღებელია. ფედერალური ბიუროს მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საზოგადოებამ უფრო მეტად უნდა დააფასოს ის ადამიანები, როლებიც უსაფრთხოების შენარჩუნებაზე ზრუნავენ. კრისტოფერ რეი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის პროტეჟეა. მისი კანდიდატურა დონალდ ტრამპმა მას შემდეგ წარადგინა, როდესაც ბიუროს წინა დირექტორი "არაეფექტური მმართველობის" გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, ფლორიდაში მდებარე ტრამპის სახლში ჩხრეკა 9 აგვისტოს ჩაატარა და გარკვეული დოკუმენტები ამოიღო. მათ შორის ისინი, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაა და რომელთა დაბრუნება აშშ-ის ნაციონალურმა არქივმა ახლახან მოითხოვა. ჯერ კიდევ აპრილში, არქივმა პროკურატურას მიმართა იმის შესახებ, რომ ტრამპის სახლში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით დოკუმენტები, რომელთა ნაწილი გრიფირებულია, როგორც საიდუმლო. კანონმდებლობის მიხედვით კი, თუ ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფო დოკუმენტებს უსაფუძვლოდ ინახავდა, ეს შეიძლება დანაშაულებრივ ქმედებად იყოს კვალიფიცირებული. თავად ტრამპი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურ ანგარისშწორებას უწოდებს. ამ პოზიციას იზიარებენ ყოფილი პრეზიდენტის თანაპარტიელები.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ოფისში ჩვენების მისაცემად უკვე იმყოფებოდა. მას ფინანსური მაქინაციების გამოც სდებენ ბრალს. გამოძიების აზრით, ტრამპის კომპანიები საკუთარი აქტივების - სასტუმროების, გოლფის კლუბებისა და სხვა უძრავი ქონების ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდიდნენ, რათა მიეღოთ მსხვილი კრედიტები, მაგრამ გადასახადებისთვის თავის დასაღწევად მოგებას მალავდნენ. დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონტიტუციის მეხუთე შესწორება გამოიყენა და შეკითხვებს არ უპასუხა. მისი განცხადებით, საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და ოპონენტი დემოკრატები მის წინააღმდეგ მოქმედებენ, რადგან 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. თუმცა ტრამპის პოლიტიკური გეგმების შესახებ, აბსოლუტურად სხვა მოლოდინი აქვს მის ყოფილ მრჩეველს.
სხვადასხვა მიზეზით დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ამ მომენტისთვის რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს. ფინანსური მაქინაციებისა და სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტების უკანონო ფლობის გარდა, ის ეჭვმიტანილია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში. ასევე მას ბრალი ედება, 2021 წლის იანვარში მასობრივი არეულობის წაქეზებაში, როცა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ტრამპის მომხრეები ვაშინგტონის კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.