27 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
უმწვავესი ბრალდებები ამერიკის ელჩის წინააღმდეგ - ოცნებიდან წასულები კელი დეგნანს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობისა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებენ

მორიგი, თუმცა ამჯერად გავრცელებულ წერილებს შორის ყველაზე ვრცელი განცხადება "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრებმა ტრადიციულად პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს. მოგვიანებით ოთხივე დეპუტატმა წერილის შინაარსი მედიასთანაც განმარტა. ფაქტები, რაზეც "ხალხის ძალა" საუბრობს, საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში განვითარებულ ყველა პოლიტიკურ მოვლენას ეხება.

მმართველი ძალის ყოფილი წევრები ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებზე საუბრობენ და ირწმუნებიან, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციის მხრიდან ამერიკის საელჩოსთან იყო შეთანხმებული. 20 ივნისი, 2020 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ბოიკოტი, 19 აპრილის შეთანხმება, 5 ივლისის მოვლენები, ომში ჩართვის მცდელობა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომლის მიღმაც "ხალხის ძალა" შეერთებული შტატების საელჩოს, ოპოზიციისა და მესამე სექტორის ერთიან მუშაობას ხედავს. წერილის ავტორებს ვრცელ განცხადებაში არც ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრა დავიწყებიათ, ამ მიმართულებით კითხვები მათ ჯერ კიდევ აქვთ.

ამერიკის ელჩს "ქართული ოცნებიდან" წასული ოთხეული ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას და მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაბირებაშიც ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ფაქტები, რაც წერილში დაასახელეს, საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს, მათ შორის ომის დაწყება უკრაინაში და საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის ჩამოსვლა. "ხალხის ძალის" წევრების აზრით, მაშინ, როდესაც კელი დეგნანი არ ემიჯნება ომის რიტორიკას, უკრაინის მაღალჩინოსნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების რადიკალურ განცხადებებს, მოსამართლეზე პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას, ჩნდება ეჭვი, რომ ოპოზიციის დღის წესრიგი საელჩოსთანაა კოორდინირებული.

წერილში დეტალურად არის აღწერილი ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინაში ომისთვის სამზადისი და პროცესები, რომელიც პარალელურად საქართველოში ვითარდებოდა. ოთხეულის მტკიცებით, სამი წლის წინ დაიწყო მზადება საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის და ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს. მეორე ფრონტი და საქართველოში ათეულობით ათასი რუსი სამხედროს, აგრეთვე შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის მოცდენა რუსეთს შეუქმნიდა მნიშვნელოვან სირთულეებს უკრაინის ფრონტზე. წერილში ვკითხულობთ, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ, ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, საელჩოდან იყო კოორდინირებული.

მმართველი ძალის ყოფილი წევრების განცხადებები ანტიდასავლური კამპანიის გაგრძელებაა ხელისუფლების ოპონენტებისთვის. ნაწილი ფიქრობს, რომ წერილში მოყვანილი გარკვეული ფაქტები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და საჭიროა გამოძიება დაიწყოს.

მმართველი პარტია მათი ყოფილი თანაგუნდელების წერილში მოყვანილი ფაქტების განხილვას ფრაქციის ფორმატში უმრავლესობის სხდომაზე აპირებს. კონკრეტულად როდის შეიკრიბებიან სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები ჯერ უცნობია, თუმცა, მანამდე "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ წერილში გაჟღერებული ინფორმაცია საგანგაშოა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები წერილს აქვეყნებენ და მათი ადრესატი ამერიკის ელჩია. პარტიის დატოვების შემდეგ მმართველი პარტიის ყოფილმა წევრებმა კელი დეგნანს შეკითხვებით არაერთხელ მიმართეს.

დღის ამბები