27 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად - კანონმდებლებმა, ამჯერად, ანტიკორუფციულ მიმართულებაზე იმსჯელეს

კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად. კანონმდებლები პარლამენტში, ამჯერად, ანტიკორუფციულ მიმართულებაზე განსახორციელებელ რეფორმებზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, რომელთა შორის ძალოვანი უწყებებიც იყვნენ, დღეს მხოლოდ საკუთარი ხედვები გაცვალეს.

მმართველი გუნდის, ოპოზიციის ნაწილის, მესამე სექტორისა და ძალოვნების შეჯერებულ შენიშვნები ერთ დოკუმენტად უახლოეს რამდენიმე კვირაში უნდა იქცეს, რათა მას კენჭი საშემოდგომო სესიაზე უყარონ. დღეს ითქვა კონკრეტული წინადადებებიც, მმართველი ძალა ირწმუნება, რომ ყველა შეთავაზებას განიხილავს და მომავალი შეხვედრის დროს, ინიციატივის ავტორებისგან, უკვე ანტიკორუფციულ რეფორმაზე დეტალურ პრეზენტაციას ელოდება.

ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილმა ანტიკორუფციული ჯგუფის წევრებმა პირველ გაფართოებულ შეხვედრაზე იმ მექანიზმებზე იმსჯელეს, რომელმაც ანტიკორუფციული მიმართულებით ინსტიტუციური გაძლიერება უნდა უზრუნველყოს. მმართველი პარტიის პოზიციაა, რომ დანაშაულის პრევენციასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის სამართლის პოლიტიკაც გადაიხედოს. 

დაახლოებით 2-საათიან შეხვედრაზე, რამდენიმე წინადადება წარადგინეს. მესამე სექტორის და ცალკეული ოპოზიციის ნაწილმა ჯგუფის წევრებს შესთავაზეს შეიქმნას დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის ანტიკორუფციული სააგენტო, რომლის ხელმძღვანელსაც კონსენსუსით და პარლამენტის შემადგენლობის 2/3 აირჩევენ. ინიციატივის ავტორების თქმით, მათი შეთავაზების გაზიარება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ის სრულ თანხვედრაშია 12-პუნქტიან რეკომენდაციასთან.

ცალკეული ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით მსხვილი პოლიტიკური ძალები რეკომენდაციების შესრულებისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფებს კვლავ უნდობლობას უცხადებენ, ამბობენ, რომ ასეთი ფორმატები დროის გაჭიანურებას უწყობს ხელს და შედეგზე ორიენტირებულია არ არის. 

"სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს" და "ნაციონალური მოძაობის" პოზიციას საბოტაჟს უწოდებენ მმართველ პარტიაში და ამბობენ, რომ მათი მიზანი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ჩრდილის მიყენებაა

იურიდიული კომიტეტის ფორმატში ანტიკორუფციული ჯგუფის შეხვედრას დღეს ძალოვან უწყების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა რა ხედვა აქვთ მათ ანტიკორუფციული მიმართულებით უცნობია, შეხვედრის დასრულების შემდეგ პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები