უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერი, მტკიცებულება იმის შესახებ თუ როგორ გეგმავდნენ რუსეთის სპეცსამსახურები უკრაინის ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების ლიკვიდაციას. იარაღი მართვადი ნაღმი უნდა ყოფილიყო. სანაცვლოდ კი ქილერები 100 000-დან 150 ათასამდე ამერიკულ დოლარს მიიღებდნენ.
დაკავებული რუსი აგენტებიდან ერთ-ერთი ლუჰანსკის ოლქის მაცხოვრებელი იყო. ოლქის, სადაც სიტუაცია ამ დრომდე უკიდურესად მწვავეა. ქალაქ სევეროდონეცკში რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის კონტაქტური, ქუჩის ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება.
ამ დრომდე განაგრძობენ ოკუპანტები ხარკივის დაბომბვასაც. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქზე რუსეთს იერიშები არტილერიითა და ავიაციით მიაქვს.
იბომბება ნიკოპოლიც. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დილით იერიშები მიიტანეს მიკოლაივზე. ხერსონის ოლქში კი აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება. ინტენსიური დაბომბვებია ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება რისკის ქვეშაა.
უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული მიმართვის დროს რეგიონში რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხეზე ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს ისევ სამხედრო დახმარებას სთხოვს.
საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. დღეს პარტნიორებისგან ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა 50 თურქული ჯავშანტრანსპორტიორი ”კირპი” მიიღო. ამერიკის შეერთებული შტატები კი უკრაინას საბიუჯეტო ხარჯების დასაფარად 4 ნახევარ მილიარდ დოლარს გამოუყოფს.