27 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან - თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ცალკეულ მედიასაშუალებებს მოუწოდებს შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან.

უწყების ცნობით, მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შემტანია.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ პარტიულ მედიასაშუალებებში აბსურდულ და მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას. კერძოდ, ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები. ამასთან, მოგვიანებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა სატელიტმა პარტიებმა, აღნიშნულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, სცადეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში.

მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო. შესაბამისად იმას, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში, შესაბამისი სამსახური დაადგენს.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია "მთავარის" წერილი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ თავდაცვის სამინისტროში შემოვიდა, თუმცა სიუჟეტის ავტორი და "ნაციონალური მოძრაობა" არ დაელოდნენ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში მიღებას და არჩიეს დეზინფორმაციის გავრცელება, რაც მიუთითებს, რომ მათ ქართველი სამხედროების ხარჯზე ვიწროპარტიული მიზნების მიღწევა სურდათ. სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია "მთავარი" და "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ განაგრძობენ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ.

მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან. მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შემტანია მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს,"-ნათქვამია თავდაცვის სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები