27 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
რუსთავის საკრებულოში მორიგი რიგგარეშე სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

რუსთავის მერის მოწვევით, მორიგი რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს საკრებულოში. სხდომაზე  ერთადერთი საკითხი განიხილება, რომელიც ეხება ბიუჯეტის კორექტირებას. რუსთავის ბიუჯეტი გაიზარდა და შეადგინა 102 137 000 ლარი, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მოხმარდეს.

რუსთავის საკრებულოში ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე, სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღეს, დეპუტატებს ერთადერთი საკითხი უნდა განეხილათ - ეს იყო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, თუმცა პროცესი სრულიად განსხვავებულად წარიმართა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ ამ პროცესს და დღევანდელ სხდომას თავად მერი - ნინო ლაცაბიძე დასწრებოდა, რომელიც დღევანდელ სხდომაზე მოვიდა.

ოპოზიციონერ დეპუტატებს მერთან კითხვები იმ სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით ჰქონდათ, რომელიც ქალაქ რუსთავში მიმდინარეობს და ნინო ლაცაბიძეს მონიტორინგის შედეგების წარმოდგენა მოსთხოვეს.

რუსთავის მერმა ოპოზიციონერ დეპუტატებს კომპეტენცია დაუწუნა და მათი პოლიტიკური წარსული კიდევ ერთხელ შეახსენა.

"ერთადერთი პოლიტიკა გვაქვს თქვენგან განსხვავებით და ეს პოლიტიკა არის მოსახლეობა და მაქსიმალურად იმ ბიუჯეტის ფარგლებში, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც დღეს ჩვენ ქალაქს გააჩნია და თქვენი ხელშეშლის მიუხედავად გავზარდეთ ერთი ათად", - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

დღის ამბები