27 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
400-მეტი დაღუპული, 2 000-მდე დაჭრილი, ათეულობით იძულებით დევნილი ოჯახი - უკვე 14 წელია 2008 წელს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები სამძიმარს იღებენ

თბილისი, ქუთაისი, ფოთი, გორი, კახეთი, ბათუმი - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ომის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაგებად სახელმწიფო დროშებია დაშვებული. 400-ზე მეტი დაღუპული და 2 000-ზე მეტი დაშავებული, ათასობით საკუთარი სახლიდან იძულებით წამოსული ოჯახი, დაკარგული ტერიტორიები - 2008 წლის აგვისტოს ომის კვალი ამ დრომდე არ გამქრალა.

უკვე 14 წელია, 2008 წელს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები სამძიმარს იღებენ. ერთ-ერთი პირველი, ვინც დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე გარდაცვლილი მეომრები გაიხსენა და მათ ოჯახის წევრებს შეხვდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.

2008 წლის აგვისტოში დაღუპული გმირების თავგანწირვამ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უდიდესი დანაკარგების მიუხედავად ქვეყანა გადაარჩინა და ახლა მთავარი ამოცანა ქვეყნის გამთლიანებაა. პრემიერმა ომის დღეების გახსენებისას, ყოფილი პრეზიდენტი გააკრიტიკა და თქვა, რომ სწორედ სააკაშვილის გაუთვლელმა პოლიტიკამ განაპირობა საქართველოს ომში ჩართვა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, დაღუპულების ხსოვნას პატივი მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც მიაგეს. რუსეთიდან მომდინარე საფრთხე და ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების თქმით, საქართველოს მთავრობის უცვლელი პრიორიტეტია.

რუსეთი საოკუპაციო პოლიტიკას არ ცვლის. აგრესია კი მზარდია - პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებით, საერთაშორისო საზოგადოებას, 2008 წელს რუსეთის საქართველოში ინტერვენციას არასაკმარისი მძაფრი რეაგირება ჰქონდა და ახლა, ამის შედეგია უკრაინაში მიმდინარე ომი. რისკების სწორი გაანალიზება, როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკის აუცილებელი ფაქტორია.

მუხათგვერდის სასაფლაო დღეს არ ყოფილა ერთადერთი ადგილი, სადაც 14 წლის წინ დაღუპული გმირები გაიხსენეს. სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირებს, პატივი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მიაგეს.

2008 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ ისევ ოკუპირებულია. საოკუპაციო რეჟიმი ამ დრომდე აგრძელებს უკანონო ბორდერიზაციას და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას. რუსი ჯარისკაცები აკავებენ და იტაცებენ გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

დღის ამბები