27 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
ჯარისკაცები, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გაწირეს და რუსეთ-საქართველოს 5 დღიან ომში საკუთარი ისტორია აქვთ - 14 წლის შემდეგ გმირებს ისევ იხსენებენ

გიორგი ანწუხელიძე, ძმები რომელაშვილები, ლერი ლაგურაშვილი, ალექსანდრე თანდაშვილი და კიდევ 164 ჯარისკაცი, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გაწირეს.

ყველა მათგანს რუსეთ-საქართველოს 5 დღიან ომში საკუთარი ისტორია აქვს, თუმცა ყველას ერთი მიზანი აერთიანებდა. ამის გამო ანწუხელიძე სასტიკად აწამეს, ერთი ძმა რომელაშვილი ტანკში დაიწვა, მეორე კი, რომელიც სხვა ეკიპაჟის წევრი იყო, უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ომში მხარდამხარ იბრძოდნნენ ძმები რომელაშვილები. გია რომელაშვილი გორის სატანკო ბატალიონში ოცმეთაურად მსახურობდა, გელა კი იმავე ოცეულის სამიზნე-ოპერატორი იყო. ოკუპანტმა ძმების ტანკს მაშინ ესროლა, როდესაც მათი ბატალიონი ცხინვალისკენ მიემართებოდა. ორივე ძმა ბრძოლის ველზე დაეცა. ამ დრომდე უგზო უკვალოდ დაკარგულად ითვლება გია რომელაშვილი.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე. გმირს, რომელსაც მტერმა ბრძოლაში ვერაფერი დააკლო, ტყვედ ჩავარდნილს კი სასტიკად გაუსწორდა.

დღეს ცრემლების გარეშე საკუთარი შვილის გახსენება გაუჭირდა მზია გოროზიას. სოხუმში დაბადებული 20 წლის კაპრალი ერთი მიზნისთვის - საქართველოს ერთიანობისთვის ომში წავიდა. თუმცა უკან არ დაბრუნებულა. ის ბრძოლის ველზე დაეცა. ცხედარი ოჯახს ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გადაეცა. 

აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. 5 დღიან ომში 169 სამხედრო მოსამსახურე და 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა, 30 000 ადამიანი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირების სახელები მიენიჭება.

დღის ამბები