რაჭაში მცხოვრებიმოსახლეობა სამკურნალოდ იმერეთში აღარ ივლის - დიალიზის ახალი სერვის-ცენტრი ამბროლაურშიც ამოქმედდა. პაციენტები, მომსახურებას რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებენ. ბენეფიციარები ამბობენ, რომ მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის პროგრამის ამოქმედება სამედიცინო სერვისს უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
სერვისის ამოქმედებამდე, კლინიკას უკვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია და აღიჭურვა შესაბამისი აპარატურით. ამ ეტაპზე, ბენეფიციარებს, სამეგრელოდან და იმერეთიდან მოწვეული სპეციალისტები ემსახურებიან, თუმცა, სამომავლოდ დაგეგმილია ადგილობრივი კადრების გადამზადება.
ამ ეტაპზე, დიალიზის სერვისი, ამბროლაურში 15-მდე პაციენტს სჭირდება, მომდევნო კვირიდან სამედიცინო მომსახურებით, მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდან 25-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.
კლინიკა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ჯანდაცვის მინისტრმა, რეგიონებში დიალიზის სერვისის ამოქმედება, დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის აპრილში დააანონსა. მაისში, მომსახურების მიღება უკვე შესაძლებელი იყო ზემო სვანეთში.
წლის ბოლომდე, აღნიშნული სერვისი ლანჩხუთში, თიანეთსა და ყაზბეგში ამოქმედდება, შემდეგ კი, ეტაპობრივად, საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც გახდება ხელმისაწვდომი.