ისრაელის რკინის გუმბათი ბოლო 3 დღის განმავლობაში განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს. საჰაერო თავდაცვის სისტემამ პარასკევის შემდეგ ღაზას სექტორიდან გაშვებული 400-მდე რაკეტა ჩამოაგდო. ისრაელ-პალესტინას შორის სიტუაცია კვლავ დაძაბულია.
ისრაელმა პალესტინის ისლამური ჯიჰადის მეორე მთავარი ლიდერი მოკლა. გარდა ამისა ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ღაზაში დაღუპულია 31 და დაშავებულია 260-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის არიან ჯიჰადისტი მებრძოლებიც და მშვიდობიანი მოქალაქეებიც.
"ისლამურმა ჯიჰადმა" და ისრაელმა ცეცხლი შესაძლოა დღეს გვიან ღამით შეწყვიტონ. დასავლური მედია იუწყება, რომ შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა უკვე მიაღწიეს, მაგრამ ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არ გაკეთებულა. ამ ცნობას, წინ ეგვიპტის პრეზიდენტის მიმართვა უძღვოდა, რომელმაც მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა და მედია შესთავაზა.
ღამის განმავლობაში კი ღაზას სექტიორიდან ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. მათი უდიდესი ნაწილი "რკინის გუმბათმა" გაანეიტრალა.
ისრაელში სპეციალური სირენის ხმა ორი დღის განმავლობაში ისმოდა. "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციას ღაზას სექტორიდან მასიური საჰაერო იერიშით უპასუხეს. ტერორისტული დაჯგუფების მიერ გახსნილ ცეცხლს, ისრაელის იერიში მოჰყვა. "ჰამასის" ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში დაიღუპა 29 ადამიანი, დაშავდა 120-ზე მეტი. თელავივის ინფორმაციით კი, განადგურებულია ტერორისტების ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი. ლიკვიდირებულია "ისლამური ჯიჰადის" კიდევ ერთი მეთაური, ჰალედ მანსური.
როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროში დღის მეორე ნახევარში აცხადებდნენ, სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას მინიმუმ ერთი კვირა არ აპირებდნენ. ამ მიზნით ქვეყანაში 25 ათასი რეზერვისტის მობილიზაციაც გამოცხადდა.
"ისლამური ჯიჰადის" უკანასკნელი მასშტაბური აქტივობა 2019 წელს დაფიქსირდა. სიტუაციის ესკალაცია დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის ბახუ აბუ ალ-ატუს მკვლელობას მოჰყვა, რასაც პალესტინელი ექსტრემისტების და ისრაელის არმიის მძიმე შეტაკება მოჰყვა. ისრაელის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, 1300-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, მათი ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა. თუმცა, ნაწილი სამიზნეს მაინც მოხვდა. დადასტურებული ინფორმაციით, დაიღუპა 6 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 70.