27 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
პოლიტიკოსები 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში თამაშის წესებზე კვლავ ვერ თანხმდებიან - რა პოზიცია აქვთ მმართველ გუნდს და მათ ოპონენტებს

ქართველი პოლიტიკოსები კვლავ ვერ თანხმდებიან თამაშის ერთობლივ წესებზე იმ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში, რომლებიც ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღები წინაპირობაა. პარლამენტში ამ საკითხზე ყველა მუშაობს, თუმცა ცალცალკე. მმართველ გუნდთან მხოლოდ ოპოზიციის მცირე ნაწილი თანამშრომლობს. მათ პარალელურად, სამუშაო ჯგუფებში შეხვედრებს მართავენ მსხვილი ოპოზიციური პარტიების წევრები. ამ ფონზე ისმის ურთიერთბრალდებები პოლარიზაციის გაღრმავებასთან დაკავშირებით. მხარეები მხოლოდ იმ ნაწილში თანხმდებიან, რომ პროცესი შრომატევადია, დრო კი ცოტა.

მმართველი გუნდი კვლავ ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გარეშე მუშაობს. უმრავლესობის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების კარი მათთვის ისევ ღიაა. 12 პუნქტზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად მიმდინარეობს. თემატურ ჯგუფებს მიმდინარე კვირაში კიდევ ხუთი სპეციფიური ჯგუფი დაემატა.

ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ თემატური ჯგუფების მუშაობას იმიტირებული სახე აქვს და ამ პროცესში ჩართვას არ გეგმავს. "ნაციონალურ მოძრაობაში", "სტრატეგია აღმაშენებელსა" და "ლელოში" ამბობენ, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტები საშემოდგომო სესიისთვის მომზადდება.

"გირჩი", "მოქალაქეები" და პარტია "საქართველოსთვის" წევრები ხელისუფლებასთან ერთად თემატურ ჯგუფებში მუშაობენ. კოლეგების დემონსტრაციულ უარზე კი ამბობენ, რომ პროცესი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული უნდა იყოს.

"ქართულ ოცნების" წევრების განცხადებით ოპოზიციის პოლიტიკური ნაბიჯები მხოლოდ დეპოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპონენტების ქმედებების მიუხედავად, რეკომენდაციების შესასრულებლად აქტიურ მუშაობას გააგრძელებენ.

12 პირობის შესასრულებლად, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია გაწერილი, თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმატში საქმიანობა მომდევნო კვირიდან გაგრძელდება.

დღის ამბები