11 წელი ბინ-ლადენის ლიკვიდაციიდან და 21 წელი 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. CIA-მ დაადასტურა, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მოკლულია ალ ქაიდას ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ალქაიდას ლიდერი ალ-ზავაჰირი ოჯახთან ერთად ქაბულში, დაცულ სახლში იმალებოდა. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ის გარეთ არ გადიოდა, თუმცა პერიოდულად სახლის აივანზე იწყობდა განტვირთვას. სწორედ ამ დეტალზე ფოკუსირებით დაიგეგმა ოპერაცია, რომლის სცენარს ჯო ბაიდენი პირადად ეცნობოდა. მიზანი მაქსიმალურად ზუსტი ოპერაციის ჩატარება იყო რომელსაც არ მოჰყვებოდა მსხვერპლი სამოქალაქო პირებში, ტერორისტის ოჯახის წევრების ჩათვლით. დრონი და ორი "ჰელფაიერის რაკეტა“, ზუსტი ინფორმაცია და ზუსტი დარტყმა. ასე დასრულდა 72 წლის ასაკში ალ-ზავაჰირის სისხლიანი გზა, რომელმაც ბოლო ათწლეულებში ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.
აიმან ალ-ზავაჰირი, იგივე დოქტორ ზავაჰირი, ბინ ლადენის შემდეგ ნომერ პირველ საფრთხედ იყო აღიარებული, თუმცა ჯერ კიდევ 20 წლის წინ ბევრი დავობდა, ვინ იყო, რეალურად, ნომერი პირველი ტერორისტი, ბინ-ლადენი, თუ ალ-ზავაჰირი.
შესაძლოა, ბინ ლადენი იყო ალ ქაიდას სახე, თუმცა ალ-ზავაჰირის ტერორისტული ორგანიზაციის ტვინს უწოდებდნენ.
მისი დოსიე არ არის ტიპური ტერორისტის დოსიე. ის ეგვიპტეში დაიბადა და ქაიროში, პრესტიჟულ ოჯახში გაიზარდა, რომლის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები რელიგიური პირები, ექიმები და პოლიტიკოსები იყვნენ. ის სწავლობდა საუკეთესო სკოლაში, მიიღო კარგი განათლება და იყო ექიმი-პედიატრი. 70-იან წლებში ალ-ზავაჰირი მუსლიმური საძმოს აქტივისტი გახდა და მალევე შეუერთდა ახლადჩამოყალიბებულ რადიკალურ ორგანიზაცია „ისლამურ ჯიჰადს“. ამ დაჯგუფების შესახებ, რომელსაც ხელისუფლების ჩამოგდების და ახალი ისლამური სახელმწიფოს შექმნის მიზანი ჰქონდა, ჯერ ბევრმა არ იცოდა, თუმცა 1981 წლის 6 ოქტომბერს ყველაფერი შეიცვალა.
ამ დღეს პრეზიდენტი ანვარ სადათი აღლუმს იბარებდა. მოულოდნელად სამხედრო მანქანიდან 4 მეამბოხე გადმოხტა და საპატიო ლოჟას ცეცხლი გაუხსნა. მოკლეს პრეზიდენტი და 7 სამხედრო მაღალჩინოსანი. ეს "ისლამური ჯიჰადის“ პირველი სერიოზული განაცხადი იყო, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად სისხლისღვრას არ მოერიდებოდნენ. ეგვიპტეში მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო. გისოსებს მიღმა აღმოჩნდა 30 წლის ალ ზავაჰირიც. მან ეს ტრიბუნა ინგლისურ ენაზე მსოფლიოსადმი მიმართვისთვის გამოიყენა.
4-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ალ-ზავაჰირიმ ქვეყანა დატოვა. ამ დროისთვის ის უკვე „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერად იყო აღიარებული. ეგვიპტიდან წასვლის მიუხედავად მისი ბრძანებით ჯიჰადისტების ტერორისტული თავდასხმები გრძელდებოდა. სამიზნე იყო პოლიცია, სახელმწიფო უწყებები, მინისტრები და პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქიც კი, რომელიც ორჯერ გადაურჩა მკვლელობას. ეგვიპტიდან გაქცეული ალ-ზავაჰირი იძებნებოდა და სიკვდილით დასჯის განაჩენი ჰქონდა გამოტანილი, თუმცა, დასავლეთში მისგან მომდინარე საფრთხე სათანადოდ არ შეაფასეს და ეგვიპტის ხელისუფლების მოთხოვნა მისი დაკავების და ექსტრადირების შესახებ უყურადღებოდ დატოვეს.
10 წლის განმავლობაში ალ-ზავაჰირის სრული თავისუფლება ჰქონდა. ბევრს მოგზაურობდა ევროპის ქვეყნებში. იკრებდა ფინანსებს და მხარდამჭერებს. 90-იან წლებში ყალბი პასპორტით რამდენჯერმე აშშ-იც კი ჩავიდა. კალიფორნიაში, ბოსტონსა და ნიუ-იორკში. ამ პერიოდში ის კავშირებს ამყარებს ოსამა ბინ-ლადენთან.
1998 წელს ორმა გავლენიანმა ტერორისტმა ერთობლივი განაცხადი უკვე საერთაშორისო ისლამისტური ფრონტის შესახებ გააკეთა. განჩინება იყო სიკვდილი ებრაელებს და ჯვაროსნებს. მოწოდება ყველა მუსლიმს ავალდებულებდა მოეკლათ ამერიკელები - როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები.
ზუსტად 6 თვეში დაიწყო თავდასხმების სერია აშშ-ის საელჩოებზე. მათ შორის იყო ტერაქტები კენიასა და ტანზანიაში. ააფეთქეს გაეროს შტაბი ბაღდადში, სამოქალაქო მატარებლის მადრიდში.
ყველაზე მთავარი წინ იყო. 2001 წლის 11 სექტემბერი 3 000-ზე მეტი მსხვერპლი და ტერაქტი რომელმაც მსოფლიო შეცვალა. არაერთი წყარო ადასტურებს, რომ ტყუპ ცათამბჯენებზე თავდასხმა სწორედ აიმან ალ ზავაჰირის იდეა იყო.
ამერიკული რევანში მხოლოდ 21 წლის შემდეგ შედგა, მაშინ, როდესაც თალიბანთან შეთანხმება დადებული და ავღანეთში სამშვიდობო მისია უკვე დასრულებულია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამის მიუხედავად, ნომერ პირველი ტერორისტი თავს სწორედ ავღანეთის დედაქალაქს აფარებდა.