27 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
22 აფთიაქის შემოწმების შედეგად პასუხისგებაში 50-ზე მეტი პირი მიეცა - სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემა საქართველოში კვლავ აქტუალურია

სააფთიაქო ნარკომანია - პრობლემა, რომელიც საქართველოში კვლავ აქტუალურია. 22 აფთიაქი, 5 რეგიონი და პასუხისგებაში მიცემული 50-ზე მეტი პირი - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაადგინა, რომ ქვეყნის მაშტაბით ფარმაცევტულ ბაზარზე დახლქვეშ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს დანიშნულების გარეშე ყიდდნენ. 22-ვე აფთიაქში სპეციალური სამსახურის შესვლის შემდეგ ამოღებულია დიდი ოდენობით კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატები და მათი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

აფთიაქები, სადაც ხშირად ფსიქოტროპული მედიკამენტები უპრობლემოდ გაიცემა, ძირითადად ხალხმრავალ ადგილებში მდებარეობს. ასეთ ობიექტებზე დასაქმებულები უკანონო საქმიანობას კატეგორიულად უარყოფენ. უფრო მეტს "კურიერს" რიგითი მოქალაქეები უყვებიან. მათი თქმით, საგანგაშოა ის, რომ სააფთიაქო ნარკომანიაში ძირითადად ახალგაზრდა თაობაა ჩართული, ხშირად უნახავთ როგორ ყიდულობენ დანიშნულების გარეშე მათთვის სასურველ ფსიქოტროპულ წამალს.

სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტების შესამცირებლად აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში ამბობენ, რომ დანაშაულის პრევენციის მიზნით არაერთი ქმედითი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მათ შორისაა ელექტრონული რეცეპტების დანერგვა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ სააფთიაქო ნარკომანიის წინაღმდეგ ბრძოლას ასახელებს. უწყება ადასტურებს, რომ ხშირ შემთხვევაში სასჯელის მოხდის შემდეგ ფარმაცევტული ბაზრის წარმომადგენლები დანაშაულს განმეორებით ჩადიან, ამის მაგალითია საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებული 60-მდე პირი, აქედან სამს ანალოგიურ დანაშაულზე სასჯელი წარსულში უკვე მოხდილი აქვს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 22 აფთიაქიდან უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ასეულობით ათასი ლარი ამოიღო.

დღის ამბები