27 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
"ბარიერის დაწევა არის მნიშვნელოვანი საკითხი იმისთვის, რომ დეპოლარიზაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას" - ოპოზიციის განცხადებები პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

შალვა პაპუაშვილი დღეს ოპოზიციის ნაწილს შეხვდა. მთავარი თემა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება იყო. იქმნება ორი ახალი სამუშაო ჯგუფი - ერთი, რომელიც იმუშავებს ანტიკორუფციულ საკითხებზე და მეორე, საარჩევნო სისტემაზე. ოპოზიციის ნაწილს საკუთარი ინიციატივები ჰქონდა, მათ შორის საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ სამწუხაროა, რომ ხელისუფლება მხოლოდ ეუთო-ოდირის რეკომენდაციებით შემოიფარგლება.

"სამწუხაროა ის, რომ ხელისუფლება ამბობს, რომ შემოიფარგლება მხოლოდ ეუთო-ოდირის რეკომენდაციებით, თუმცა იქ არის ისეთი საკითხები, რომელიც, მაგალითად, შესაძლებელია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილება, პარტიების დაფინანსების პროცესთან დაკავშირებით, ისევე როგორც, არის სხვა ტექნიკური საკითხები  კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით და ა.შ, ამიტომ, ჩვენ ჩვენს გეგმავს წარვადგენთ სამუშაო ჯგუფების ფარგლებში და მაქსიმალურად დავიცავთ ამ გეგმის განხორციელებას," - აცხადებს ლილუაშვილი.

"მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, საარჩევნო ბარიერის დაწევა დეპოლარიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

"ყველა ეს რეკომენდაცია ეხება საქართველოს დემოკრატიულ პერსპექტივას და საქართველოს მომავალს, ამიტომ ასე ვერ გავაცალკევებდი რომ არ ეხება. პირდაპირი ტექსტი თუ არ წერია, ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა არ გამოიწვევს სამომავლოდ პოლიტიკური ლანდშაფტის გაუმჯობესებას და არ გამოიწვევს ამ დაპირისპირების შემცირებას. აქედან გამომდინარე, კი, ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი და მიმაჩნია, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, იმისთვის რომ დეპოლარიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნას გადადგმული წინ," - ამბობს იოსელიანი.

დღის ამბები