რა კავშირშია საერთაშორისო თაღლითობასა და 300 მილიონინი კრიპტო პირამიდის შექმნაში ბრალდებული საქართველოსთან. "კურიერმა" დღეს აშშ-ის მიერ შავ სიაში შეყვანილი ლადო ოხოტნიკოვის საკუთრებას თბილისში მიაგნო. ყაზახი მამაკაცი წლების განმავლობაში თაღლითური კრიპტო სქემით ათასობით ადამიანს ატყუებდა. ოფიციალური ბრალდების თანახმად, ოხოტნიკოვმა კიდევ 10 ბრალდებულთან ერთად 2 წლის წინ ყალბი კრიპტო პირამიდის სქემა შექმნა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მაცხოვრებლებს კი ელექტრონულ ფულში ინვესტიციებს ადებინებდა.
ლადო ოხოტნიკოვს თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში საცხოვრებელ კომპლექს "ნამაი ვაკეში" 425 კვადრატული მეტრი ფართობის სახლს აუზით და ამავე კომპლექსში მდებარე ოთხ ავტოსადგომს ფლობს. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა ისიც, რომ ყაზახი მამაკაცი საქართველოში რეგისტრირებულ მისამართზე ბოლოს ერთი თვის წინ იმყოფებოდა.
ფეშენებელურ კომპლექსში "კურიერს" დაუდასტურეს, რომ ლადო ოხოტნიკოვი ნამდვილად იმყოფებოდა თბილისში და ის ამ კორპუსში უძრავ ქონებას ფლობს. ინფორმაცია დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერითაც.
ამერიკის საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ, ლადო ოხოტნიკოვი უკვე შეიყვანა ე.წ. შავ სიაში. ბრალდებულთა შორისაა შეერთებული შტატების სამი მოქალაქეც, რომლებიც ხელს უწყობდნენ თაღლითური სქემის მუშაობას ფეისბუქსა და სხვა პლატფორმებზე. საერთაშორისო აფიორაში სხვადასხვა ქვეყნიდან ათეულობით ადამიანი იყო ჩართული.
ამერიკის მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2020 წელს დაფუძნებულ კრიპტო პლატფორმა "ფორსაჟზე" ინვესტორები ტრანზაქციებს ახორციელებდნენ ეთერიუმზე, ტრონსა და ბინანსზე. "ფორსაჟი" მოქმედებდა ე.წ პირამიდის პრინციპით და მრავალმილიონიანი ტრანზაქციების შემდეგ, როგორც ყველა სხვა პირამიდის შემთხვევაში, საბოლოო ინვესტორები მოტყუებულები რჩებოდნენ. ლადო ოხოტნიკოვის საქართველოსთან კავშირის მიუხედავად, პლატფორმა ფორსაჟმა ქართველ მომხმარებელში პოპულარობა ვერ მოიპოვა, თუმცა ბოლო თვეებში ასეულობით ადამიანი სხვა არაერთი პირამიდული სქემის მსხვერპლი გახდა.
"ფორსაჟის" სახელით ცნობილი საერთაშორისო თაღლითური სქემის ორმა ფიგურანტმა მარეგულირებელთან მორიგება არჩია. რა პოზიცია აქვს ლადო ოხოტნიკოვს, ჯერჯერობით უცნობია.