27 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
ჩინეთმა ტაივანის მოსაზღვრე პროვინციაში სამხედრო ტექნიკის გადასროლა დაიწყო - როგორ აპირებს პეკინსა და ტაიპენს შორის დაძაბულობის განმუხტვას ვაშინგტონი

უკრაინის შემდეგ, მსოფლიო რუკაზე ახალი ცხელი წერტილი შესაძლოა ტაივანი გახდეს. ოფიციალურ პეკინსა და ტაიპეის შორის ვითარება უკიდურესად დაძაბულია, ჩინეთმა ტაივანის მოსაზღვრე პროვინციაში სამხედრო ტექნიკის გადასროლა დაიწყო, ჩინური გამანადგურებლები კი ჰაერში არიან აწეული. სამხედროების გადასროლის პარალელურად, პეკინმა სამხედრო წვრთნები დაიწყო სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე - სანაპირო ზოლზე დამსვენებლებთან ერთად ახლა მძიმე ტექნიკა გადაადგილდება. ტაივანთან ახლოს ჩინეთმა განალაგა დიეფ 16 ტიპის ბალისტიკური რაკეტებიც, რომელთა ფრენის სიშორე ათას კილომეტრს აღწევს. დროს არ კარგავს ტაივანიც, რომელზეც ტერიტორიულ პრეტენზიებს ჩინეთი ჯერ კიდევ 1949 წლიდან აცხადებს. ოფიციალურმა ტაიპეიმ თავშესაფრების მოწყობა დაიწყო, ქვეყანაში კი განგაში მეორე დონეა გამოცხადებული.

კიდევ ერთი სერიოზული კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად პეკინსა და ვაშინგტონს შორის რამდენიმე სატელეფონო ზარი შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ტაივანს ოფიციალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს, ჯო ბაიდენმა თავის ჩინელ კოლეგას მოუწოდა, თავი შეიკავოს კუნძულის სტატუსის ძალადობრივი შეცვლისგან. უკვე რამდენიმე საათია, რაც ტაივანის დედაქალაქში ჩაფრინდა ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, მასთან ერთად დელეგაციაში 40 პირი იმყოფება. ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება პეკინი და აფრთხილებს ამერიკას, რომ პელოსის ვიზიტს სერიოზული გაგრძელება მოჰყვება.

ჩინეთს ორი მილიონ 35 ათასზე მეტი აქტიური სამხედრო ჰყავს, ტაივანს კი 300 ათასი.
მსოფლიო სამხედროთა რეიტინგში ჩინეთი მე-3, ტაივანი კი 21-ე ადგილს იკავებს.


დღის ამბები