27 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების ახალი პოლიტიკური ამბიცია - სუბარი, ხუნდაძე, ყაველაშვილი და მაჭარაშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ. "ხალხის ძალა" - ასე ერქმევა გაერთიანებას, რომელსაც სათავეში მმართველი გუნდის ყოფილი წევრებისგან შემდგარი ოთხეული ჩაუდგება. დეპუტატებმა, დღეს მოძრობის შექმნის წინაპირობებზე ისაუბრეს. რეალური პოლიტიკის საჯაროობა, ქვეყნის ომში ჩართვის საფრთხის განეიტრალება და კითხვები შეერთებული შტატების ელჩთან - ეს ის მთავარი საკითხებია, რომელზეც ოთხეულის თქმით, ახალი მოძრაობა აქტიურად იმუშავებს. დეპუტატები "ხალხის ძალის" სამომავლოდ პარტიად გარდაქმნასაც არ გამორიცხავენ.

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დღეს, ოპოზიციური პარტიების წევრებმა მწვავედ გააკრიტიკეს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, "ქართული ოცნებიდან" გამოყოფილი ოთხეულის ეს ნაბიჯი ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ემსახურება. პოლიტიკოსების თქმით, მოძრაობას პარტიად გადაკეთების შემთხვევაში, საქართველოში მომავალი ვერ ექნება.

ყოფილი თანაგუნდელების ახალ პოლიტიკურ გზას, მათ არჩევანს უწოდებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ რა შედეგს დადებს ოთხეული ქართულ პოლიტიკაში, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა ქართული ოცნება ივნისის ბოლოს დატოვეს. მათ მალე რამდენიმე რეგიონის საკრებულოს წევრიც შეუერთდა. ყველაზე ბოლოს კი მმართველი გუნდიდან წასულების სიას გურამ მაჭარაშვილიც შეემატა.

დღის ამბები