27 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
თუ რამის გაკეთება გვინდა ამ პარლამენტში, მათ შორის 12 პუნქტის, ეს ვერ გაკეთდება "ქართული ოცნების" გარეშე - თამარ კორძაია

12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში ახალი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი იმ პუნქტზე იღებს პასუხისმგებლობას, რომელიც ეხება ზედამხედველობის გაზრდას სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად მუშაობისთვის. დღეს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე გაიწერა შემადგენლობა - ჯგუფის წევრებს შორის არის უფრაქციო დეპუტატი თამარ კორძაია. 

პარლამენტის წევრი თამარ კორძაია ამბობს, რომ თუ ოპოზიციას რაიმის გაკეთება უნდა პარლამენტში, ეს ვერ გაკეთდება "ქართული ოცნების" გარეშე.

"თუ რამის გაკეთება გვინდა ამ პარლამენტში, მათ შორის 12 პუნქტის, ეს ვერ გაკეთდება "ქართული ოცნების" გარეშე. შესაბამისად, სამუშაო პროცესში, ვფიქრობ, რომ ჩემი მოთხოვნები რაც მაქვს, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებასთან დაკავშირებით, მათ უნდა ვუთხრა და მათთან უნდა გავაჟღერო, მერე თუ არ მიიღებენ, გამოვალ და თქვენთან ვიტყვი კიდევ. პარტიები თვითონ გადაწყვეტენ როგორი ფორმით იმუშავებენ, მაგრამ კომიტეტებამდე პოზიციების გააზრება, შეჯერება და განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ სამუშაო პროცესში ჩართვა ჩემთვის მნიშვნელოვანია," - აცხადებს კორძაია.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ ყველა პროცესში, სადაც ინსტიტუციონალურად ხდება საპარლამენტო მუშაობის წარმართვა.

"საპარლამენტო კომიტეტების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, ბიურო იქნება თუ პლენარული სხდომა იქნება, ჩვენ ოფიციალურად სადაც ხდება ინსტიტუციონალურად საპარლამენტო მუშაობის წარმართვა, ასეთ ჯგუფებში მივიღებთ მონაწილეობას. დღეს, საპროცედურო საკითხთა სხდომაზე შეიქმნა ასეთი ჯგუფი, ჩვენ მივმართეთ კონკრეტული საკითხებით, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს და სამუშაო ჯგუფების საქმიანობას უფრო გამჭვირვალეს გახდის. ამიტომ, გადაწყვეტილებების მიღებისთანავე ჩვენ მოგვეცემა საშუალება უფრო აქტიურად ჩავერთოთ ამ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში", - თქვა ბეჟაშვილმა.

"მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, ოპოზიციის ნაწილის მიერ პარალელური პროცესის წამოწყება აზარალებს იმ პერსპექტივას, რომელსაც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღება წარმოადგენს.

"მე ვარ ამ სამუშაო ჯგუფის წევრი და მიმაჩნია, რომ საპარლამენტო ზედამხედველობა, საპარლამენტო კონტროლი არის ნამდვილად გასაძლიერებელი ჩვენს ქვეყანაში. ჩემთვის უცნობია, რა კანონპროექტებზე მუშაობს ოპოზიციის ნაწილი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაზეც არ უნდა მუშაობდნენ, თვითონ პარალელური პროცესი რომ წამოიწყეს, ამით აზიანებენ პერსპექტივას, რომელიც ამ პროცესმა უნდა უნდა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას და ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღება. ვფიქრობ, ეს ცალსახად დამაზიანებელია და ყოველ ჯერზე მოვუწოდებ, რომ შემოუერთდნენ იმ ფორმატს, რომელიც არის საპარლამენტო, არ არის რომელიმე პარტიის ფორმატი და თუ რამე იდეები აწუხებთ იქ წარმოადგინონ და იქ განვიხილოთ ერთად", - თქვა იოსელიანმა.

დღის ამბები