28 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
წალენჯიხის თავმჯდომარედ პარტია "საქართველოსთვის" წევრი აირჩიეს  

წალენჯიხის საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს. საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის"საქართველოსთვის"  წევრი, კორნელი სალია 14 ხმით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აირჩიეს. სხდომა "ქართული ოცნების" წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

"ცუდია, რომ ოცნებამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, მაგრამ იმედია, რომ ჩვენ მაინც მოვახერხებთ ერთად თანადგომას წალენჯიხისთვის, წალენჯიხელებისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საკრებულო შედგეს, საკრებულომ ფუნქციონირება გააგრძელოს, მივიღოთ ბიუჯეტი და გავაგრძელოთ მუშაობა," - ამბობს კორნელი სალია.

როგორც "ქართული ოცნების" წევრებმა განაცხადეს, გიორგი გახარიასა და "ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი მათთვის მიუღებელია. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან, დავით ბელქანია პოლიტიკურ გარიგებაზე საუბრობს.

"დღეს დადასტურდა ეს პოლიტიკური ქორწინება, ესენი ერთმანეთთან შეხმატკბილებული იყვნენ, გარიგებული იყვნენ. მოლაპარაკება არ იყო, სხდომაზე იყო გაჟღერებული, რომ წარმოდგენილი საკრებულოს მანდატების მიხედვით ყოფილიყო გადანაწილებული თანამდებობები და დაველოდოთ. ამ პერიოდში აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე, დანარჩენი პოლიტიკური თანამდებობები როგორ გადანაწილდება, ამას გვაჩვენებს შემდგომი სხდომები.

ვიქნებით კონსტრუქციული ოპოზიცია წალენჯიხელებისთვის და დავანახებთ, რას იზამს ეს პარტიები, როგორ წაიყვანენ საკრებულოს სხდომებს," - ამბობს  დავით ბელქანია. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, სამეგრელოს მუნიციპალიტეტიდან ორი საკრებულოა თავმჯდომარის გარეშე. სენაკსა და ზუგდიდში ახალი მოწვევის საკრებულოები კვლავ თავმჯდომარის მოლოდინში არიან.   

 

 

 

დღის ამბები