28 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს - ამჯერად მათ უკანონოდ დააკავეს 23 წლის ლაშა ხეთერელი

მორიგი უკანონო გატაცება ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარე სოფლიდან - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, 23 წლის ლაშა ხეთერელი უკანონოდ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გააქტიურებულია "ცხელი ხაზი". ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მყისიერად მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას," - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

"კურიერის" ინფორმაციით, გატაცებული ახალგაზრდა - ლაშა ხეთერელი მარნეულიდანაა. ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ სოფელ სვერში კი, ის ბებია-ბაბუასთან იმყოფებოდა.


დღის ამბები