28 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
რატომ დაიბარეს გამოკითხვაზე მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია - შსს-ს განმარტება

შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია დაიბარეს. 

შსს-ში განმარტავენ, რომ ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით გრძელდება.

თემურ ალასანიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" დღეს მიხეილ სააკაშვილმაც დაწერა - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მისი ბიძის დაკითხვაზე დაბარება თავად მას უკავშირდება. 

"გავიგე ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს.

ჩემი რჩევა ივანიშვილს - თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია. ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ ერთი ამერიკელიც (ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა), რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში," - დაწერა სააკაშვილმა.

დღის ამბები