28 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო

დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო - საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართულ პირველ საახალწლო ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახებთან ერთად, ასევე მთავრობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე მოქალაქეთა დიდი რაოდენობა შეიკრიბა. მათ თბილისის მერმა და პრემიერ მინისტრმა მიმართა. 

"მე მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. ამ ლამაზ ადგილას შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ყველამ ერთად ავანთოთ საზეიმოდ ეს ულამაზესი ნაზვისხე. რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ნაძვის ხის ანთებით ვემზადებით ახალი წლის შესახვედრად. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთული წელი იყო 2021 წელი, მაგრამ ამავდროულად, ეს იყო დიდი გარდატეხის წელი, ვინაიდან, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ.

მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს რომლებიც ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში, ოსეთში, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. მინდა, რომ ამ სცენიდან მადლობა გადავუხადო ამ რთულ წელს გაწეული საქმისთვის ჩვენს გმირ ექიმებს, ჩვენს გმირ პოლიციელებს, ჩვენს ჯარისკაცებს, ყველას მინდა მოგეფეროთ და მადლობა გითხრათ. ვისურვოთ, რომ მომავალი წელი იყოს მშვიდობის, კეთილდღეობის მომტანი, სიხარულის, სიყვარულის და ჩვენი გაერთიანების,” - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა თბილისის მერმა და განაცხადა, რომ  2022 წელი აღმშენებლობის და განვითარების წელი იქნება.

"მე პირველ რიგში მადლობა მინდა ყველას გითხრათ იმისთვის, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ, მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით. გვაქვს შესაძლებლობა, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე.

ყველაფერი ცუდი, რთული, რაც იყო 2021 წელს, რა თქმა უნდა, წარსულს უნდა გავატანოთ და ახალი იმედებით, შემართებით, ახალი ენერგიით და რაც მთავარია, დიდი სიყვარულით უნდა შევხვდეთ 2022 წელს. წელი, რომელიც იქნება აღმშენებლობის, განვითარების, წარმატების და წინსვლის. ჩვენ ამას რა თქმა უნდა, ერთად მოვახერხებთ.“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

წლევანდელი საახალწლო ღონისძიებები იქნება, ბევრად უფრო მასშტაბური ვიდრე ეს გასულ წელს იყო. 24 დეკემბრიდან, 14 იანვრის ჩათვლით კი, გაიმართება საშობაო ბაზრობები, მთავარი ლოკაცია იქნება დედაენის ბაღი და ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდი კი დროები იქნება საფეხმავლო. ასევე იგეგმება უამრავი ფესტივალი, მათ შორის ტკბილეულის ფესტივალი.

საზეიმო ღონისძიება პარლამენტთან ამ წუთებშიც გრძელდება. 

 

დღის ამბები