28 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო კამპანიის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში  ნაფიც მსაჯულთა კამპანიის პროექტის „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - შენი ხმა მართლმსაჯულებაში“  პრეზენტაცია გაიმართა.
ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო კამპანია, რომელსაც საქართველოს პროკურატურა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს, ნაფიც მსაჯულთა  ინსტიტუტის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 

პრეზენტაციას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების  იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტ სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოვენსი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები,  მოსამართლეები, იუსტიციის საბჭოს, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები,   ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მხარდასაჭერ კამპანიაში მონაწილეები ესწრებოდნენ. 

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მადლობა გადაუხადა კამპანიის  აქტიური მხარდაჭერისთვის,  საქართველოში ნაფიც მსაჯულთა  ინსტიტუტის  არსებობის პერიოდი შეაჯამა და იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის წინაშეც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დგას. 

მისი თქმით, კამპანიის ფარგლებში მოქალაქეთა სათანადო ინფორმირება, დადებით შედეგს გამოიღებს ორი ძირითადი მიმართულებით - გაიზრდება დაინტერესება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართ და გაცილებით მეტი ადამიანი გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს პროცესში.  

„დღეს ჩვენ ვდგავართ მთავარი გამოწვევის წინაშე, საზოგადოებას აქვს მწირი ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ, რის გამოც დაბალია იმ მოქალაქეთა მაჩვენებელი, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ პროცესში და საქმე ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილონ.   იმისათვის, რომ საზოგადოებამ ამ ინსტიტუტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს, გააცნობიეროს სამოქალაქო ვალდებულების შესრულების მნიშვნელობა და იგრძნოს მისი წილი პასუხისმგებლობა სამართლიანობის აღსრულების პროცესში, ჩვენ საერთო ძალებით და მობილიზაციით, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით ვიწყებთ კამპანიას, რომლის წარმატებული შედეგები მნიშვნელოვნად განაპირობებს ინსტიტუტის სამომავლო ბედს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია კამპანიაში ჩვენი ქვეყნის საპატიო მოქალაქეების ჩართულობა, ადამიანების რომლებმაც თქვენი პროფესიული საქმიანობით, წარმატებული და დასამახსოვრებელი კარიერით საზოგადოების კეთილგანწყობა მოიპოვა.“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტ სამართლებრივმა მრჩეველმა ლენა ოვენსმა კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით ეს მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის დიდი პატივია მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ ამ კამპანიას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს კამპანია დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს გაიაზრონ რა არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ის პასუხისმგებლობა რომელიც ამას თან ახლავს“ -განაცხადა ლენა ოვენსმა

ღონისძიებაზე  გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა „ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - შენი ხმა მართლმსაჯულებაში“ კამპანიის პრეზენტაცია  წარადგინა.

ნათია მერებაშვილმა მართლმსაჯულების განხორციელებაში  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო მასებამდე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ  მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.

კამპანიის პრეზენტაციაზე, ნაფიც მსაჯულთა კამპანიის ფარგლებში დამზადებული ვიდეორგოლების  ჩვენება მოეწყო.  

კამპანია „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - შენი ხმა მართლმსაჯულებაში“ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება

დღის ამბები