28 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
გამგებლები აგებთ პასუხს, როდესაც მოსახლეობის მხრიდან შეტყობინებაზე არ იქნება რეაგირება - კახა კალაძე

თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა,კახა კალაძემ გამგებლებს მიმართა. კალაძის თქმით, თუ გამგებლები და მათი თანამშრომლები უპასუხისმგებლოდ მოეკიდებიან შეტყობინებებს, რომელიც გამგეობაში ადგილობრივი მოსახლეობისგან შევა, გამგებლები თანამდებობას დატოვებენ.

კალაძის თქმით, არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს მოსახლეობასა და გამგებლებს შორის კომუნიკაციაში.

"გამგებლებს, ვინც აგრძელებთ მუშაობას თქვენს რაიონებში და ხართ მთავრობის წარმომადგენლები, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს მომდევნო 4 წელი, იმიტომ, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტს ელოდება ჩვენგან - ამიტომ, განსაკუთრებული კომუნიკაცია, განსაკუთრებული ურთიერთობა თქვენი რაიონის მცხოვრებლებთან. არ უნდა იყოს რაღაც ბარიერები, თუნდაც გამგებელთან შეხვედრასთან დაკავშირებით, თუნდაც ინფორმაციის მიღებასთან მიმართებით. არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს, მაქსიმალური კომუნიკაცია, აუცილებელი და სწრაფი რეაგირება ზარებზე. არ უნდა მოხდეს ისე, როგორც მაშინ, როდესაც, მაგალითად, პარკებში ზიანდებოდა ატრაქციონები, იყო შემოსული შეტყობინება და ამას არ ჰქონდა რეაგირება. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და არა ის კონკრეტული თანამშრომელი აგებს პასუხს და მიიღებს მხოლოდ შენიშვნას ან დაჯარიმდება, გამგებლები აგებთ პასუხს და დატოვებთ თქვენს თანამდებობას, გაითავისეთ ეს ყველამ კარგად. გამგებლები აგებთ პასუხს, როდესაც შეტყობინებაზე არ იქნება რეაგირება. თქვენ ხართ პასუხისმგებლები ჩემთან მიმართებით, თქვენ ხართ პასუხისმგებლები თბილისელებთან და თქვენი რაიონის მცხოვრებლებთან მიმართებით. ის თქვენი თანამშრომელი თუ უპასუხისმგებლოდ იქცევა, თქვენ ხართ ამაზე პასუხისმგებელი და ამიტომ ისე დაალაგეთ და ისე გადაალაგეთ თემა, რომ ამაზე არ მოგვიწიოს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება," - განაცხადა კალაძემ. 

დღის ამბები