28 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
ოპოზიციამ აქცია დღეს 19 საათზე დააანონსა

ოპოზიციის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების აქცია იუსტიციის სამინისტროსთან დასრულდა. ოპოზიციის ლიდერებმა შეკრებილებს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდეს.  მათი განცხადებით, არ გაჩერდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და მიხეილ სააკაშვილს კერძო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

"საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე იქნება ურყევი, ორგანიზებული, დისციპლინირებული. არ გავჩერდებით! ვერცერთი პოლიციელი ამ ნებას ვერ შეაჩერებს. არანაირი დაღლა, არანაირი სახლში ჯდომა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები აქვე ეხმაურებიან გავრცელებულ ვიდეო კადრებს, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება ექსპრეზიდენტი დამოუკიდებლად. 

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ყველა ექიმი და პროფესორი, ვინც კი მიხეილ სააკაშვილი შეამოწმა, ყველა ამბობს, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. 

"მათივე ექიმები ამბობენ, მათივე კონსილიუმი ამბობს, ყველა ექიმი, ყველა პროფესორი, ყველამ ვინც ნახა და ჯანმრთელობა შეამოწმა და მის პულსზე უდევს ხელი, ყველა ამბობს, რომ მძიმედ არის ეს ადამიანი,“ - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ვიდეო კადრების შესახებ კომენტარი გააკეთა პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა

"ის, რომ მოძრაობის კამერაში, გადაადგილდება და ჩავიდა ავტომობილამდე, ეს არ ნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. მაინც და მაინც წაქცეული ხომ არ უნდა იყოს ადამიანი. ეტყობა ჯანმრთელობამ შეუწყო ხელი, რომ 39 დღე კიდევ ფეხზე დგას,“ - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

დღის ამბები