28 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
"ნამდვილად არ მეგონა, თუ იქნებოდა აქ" - კახა კუჭავა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამბობს, რომ გუშინ მისთვის რთული დასაჯერებელი იყო, რომ შეიძლებოდა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ყოფილიყო. ამის შესახებ მან საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ნამდვილად არ მეგონა თუ იქნებოდა აქ, როდესაც ადამიანი ასჯერ გასცემს პირობას და ასმეერთეჯერაც ითხოვს, რომ დაიჯერო, რა თქმა უნდა, გიკვირს. არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, ხვალაც, თუ - როცა იტყვის, მეეჭვება დასაჯერებელი იყოს, როდესაც იცი, რომ მისი ყველა ნაბიჯი არასერიოზულია," - ამბობს კახა კუჭავა. 

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას, კახა კუჭავა ამბობს, რომ მას პირადად ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა მოისმინა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის მოგზაურობას უკრაინიდან საქართველომდე ქვეყნის ხელისუფლება აკონტროლებდა და დააკავეს ისე, რომ არავინ დაშავებულა.

"მე არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა დარწმუნებული ვარ, დეტალურ ინფორმაციას შევიტყობთ, როდესაც საჭიროდ ჩათვლიან," - ამბობს კახა კუჭავა. 

რატომ არ იცოდა სპეცოპერაციის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავა პასუხობს:

"პარლამენტის თავმჯდომარეს ეცოდინება ყველაფერი, რაც მისთვის არის საჭირო. როდესაც ვსაუბრობთ სპეცოპერაციაზე და საუბარი არის სპეცოპერაციაზე, რომელზეც მათ ჩათვალეს, რომ პოლიტიკოსებს არ უნდა სცოდნოდათ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩატარებლიყო მაღალ დონეზე, არ ყოფილიყო აჟიოტაჟი და ხელშეშლა, სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, გააკეთეს ეს არჩევანი და ეს არის სწორი ინსტიტუციური მოწყობის შედეგი, როდესაც სამართალდამცველი ორგანოები აკეთებენ იმას, რაც მათ ევალებოდათ". 

დღის ამბები