28 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
"დამემუქრა, რომ 2 კვირის ჩვილს მომიკლავდა..."- რატომ აშანტაჟებდა რძალს შვილის მოკვლით შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი მკვლელობის შემდეგ ცხედრის დაწვას გეგმავდა - გამოძიების მასალებში, რომელიც "კურიერისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საუბარია მკვლელობის დღემდე უცნობ დეტალებზე.

"ჩემი ძმა საუბრობდა, რომ მას თან ჰქონდა დანა, რომელიც იმ გოგოს ჩხუბის დროს გამოუსვა ყელში, რის შემდეგაც გაგუდა. ხოლო გვამი, რომ არ ეპოვათ ჩაუცურებია ბუჩქებში და ზევიდან დაუყრია ტოტები... ჩემი ძმის განმარტებით, შემდგომში უნდოდა გვამის დაწვა, რაც ვერ მოახერხა, კერძოდ, ხსენებულის შემდეგ იგი დაბრუნდა სახლში, მოწესრიგდა, შეუძენია ბენზინი და დაბრუნებულა გვამთან, მაგრამ იქვე მიმდებარედ მოძრაობდნენ პიროვნებები რის გამოც ვერ შეძლო და დაბრუნებულა უკან,"- ნათქვამია ბრალდებულის ძმის ჩვენებაში. 

რაფაელ მურსაკულოვის ძმამ დუმილი პირველად "კურიერთან" დაარღვია, თუმცა, კამერის წინ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება უარყო. 

"კურიერის" მიერ მოპოვებული საქმის მასალებით ცნობილი ხდება, რომ ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობაში რაფელ მურსაკულოვის მონაწილეობის შესახებ ცნობილი გახდა მისი რძლისთვის - სარა მურსაკულოვასთვის, რომელიც პოლიციაში აპირებდა წასვლას, თუმცა, ბრალდებული მას ახალშობილი შვილის მოკვლით დაემუქრა. 

"რაფაელს ვუთხარი, რომ აუცილებლად წავიდოდი და განვაცხადებდი პოლიციაში, ვინაიდან ფაქტის დამალვა არ შემეძლო. რაზეც მითხრა, რომ თუ პოლიციაში ჩავიდოდი და განვაცხადებდი მის მონაყოლს, მაშინ მომკლავდა და თუ ჩემს მოკვლას ვერ მოახერხებდა, მაშინ მომიკლავდა ჩემი ორი კვირის შვილს და როდესაც პოლიციიდან დავბრუნდებოდი მკვდარ შვილს ჩავეხუტებოდი. მოცემულ მუქარის ძალიან შემეშინდა და რეალურად მივიღე. ჩემმა დედამთილმა, რომელმაც მოისმინა რაფაელის მუქარა, მითხრა, რომ არ წავსულიყავი პოლიციაში, ვინაიდან შესაძლებელი იყო მართლა მოეკლა რაფაელს ჩემი შვილი,"- ნათქვამია ჩვენებაში. 

ახალშობილი შვილის სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დეტალებზე საუბარი არ სურს ბრალდებულის რძალს. 

წინასწარ პატიმრობაში მყოფი რაფაელ მურსაკულოვი, ამ დრომდე, დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ სხვებთან ერთად ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებებს მისი ოჯახის წევრებიც აძლევენ. 

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა, ქალის ცხედარი მეორე დღეს მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს დააპატიმრეს.

დღის ამბები