28 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას, რაც როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისათვის არის აუცილებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეუთო/ოდირის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ალბერტ იონსონთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ალბერტ იონსონს COVID-პანდემიის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში ოდირის წვლილი დასაფასებელია.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული წლის მსგავსად, ხელისუფლება, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით COVID-უსაფრთხო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, შემუშავებულია სპეციალური პროტოკოლები საერთაშორისო დამკვირვებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მმართველი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა ყველა პირობა იყოს უზრუნველყოფილი მათი მანდატის სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელებისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ალბერტ იონსონმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მიმოიხილეს, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, დაცული იყო ყველა ფუნდამენტური თავისუფლება და შედეგი ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, შედეგად, 2020 წელს, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა ბარიერი და მოიპოვა მანდატები პარლამენტში.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დემოკრატიის მთავარი საყრდენი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია და ხელისუფლება სრულად აცნობიერებს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას. მმართველი გუნდი სრულად არის მობილიზებული იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ჩაატაროს. ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობები, რათა კითხვის ნიშნები და პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი არ დარჩეს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეუთოს/ოდირის გარდა, ხელისუფლებამ არაერთი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოიწვია დამკვირვებლები, მათ შორის არიან ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტის (EP), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დამკვირვებლები

დღის ამბები