28 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას ერთ წელიწადში დაუბრუნდება - "ფაიზერის" ხელმძღვანელი დამაიმედებელ კომენტარს აკეთებს

ასობით ამერიკელი ყოველდღიურად გრძელ რიგში ბუსტერ დოზის მოლოდინშია. ჯანდაცვის ექსპერტები მოქალაქეების აქტივობას მიესალმებიან, თუმცა დელტა შტამის დამარცხებას მხოლოდ მასობრივ ვაქცინაციაში ხედავენ.

ამ დრომდე, 75 მილიონი ამერიკელი აუცრელია. მარტის შემდეგ კი ამერიკაში გარდაცვალების მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ის შტატები, სადაც არავაქცინირებულთა დიდი რაოდენობა ფიქსირდება, სამედიცინო რესურსის დანაკლისს განიცდის. ინდიანასა და კენტუკიში მედპერსონალს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ეხმარებიან.

ინფექციის პრევენციას რეგულაციების გამკაცრებით ცდილობს ხორვატია, სადაც, მთავრობის დადგენილებით, 100 ადამიანზე მეტი არ დაიშვება ღონისძიებებზე, თუ მოქალაქეები ციფრულ კოვიდსერტიფიკატს არ წარმოადგენენ. დახურულ სივრცეში კულტურული ღონისძიებები და ვაჭრობა კვლავ აკრძალულია. სავალდებულოდ რჩება პირბადეების ტარება დახურულ სივრცეებში.

მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას ერთ წელიწადში დაუბრუნდება - დამაიმედებელ პროგნოზს ფაიზერის ხელმძღვანელი აკეთებს. 

"1 წელიწადში ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი ვარიანტები არ გაჩნდება, ან ვაქცინაციის გარეშე შეგვეძლება ცხოვრება. ჩემი სავარაუდო სცენარი ასეთია - იქიდან გამომდინარე, როგორ ვრცელდება ვირუსი მთელს მსოფლიოში, წელიწადში ერთხელ საჭირო გახდება ვაქცინაცია. თუმცა, ზუსტად არაფრის თქმა არ შეგვიძლია. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას," - განაცხადა ალბერტ ბურლამ.

სანამ მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრება, დელტა შტამი სწრაფად გავრცელებას განაგრძობს. ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პანდემიის გამო სიცოცხლის ხანგრძლივობა 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 6 თვეზე მეტით შემცირდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დღის ამბები