28 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
ვინ დგას ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან - სუსის ხელმძღვანელმა დღეს პირველი კომენტარი გააკეთა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ოპოზიციას ურჩევს, ფარული ჩანაწერების გასაჯაროების საქმეზე გამოძიების შედეგებს დაელოდონ.

გრიგოლ ლილუაშვილმა რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტში გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი დღეს გააკეთა. სუსის ხელმძღვანელისთვის ფაქტი სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

ვინ დგას მასალების გავრცელების უკან - ამაზე დღეს სუსის ხელმძღვანელს ღიად არ უსაუბრია, თუმცა ფაილების გასაჯაროების საქმეში ოპონენტების კვალზე, სახელისუფლებო გუნდში, მისი გავრცელების დღიდანვე დაიწყო მსჯელობა. 

მასალების ავთენტურობის დადგენას და გამოძიების შედეგებს ელოდება პარლამენტის თავმჯდომარე. კახა კუჭავა ფაილების ნამდვილობის გარკვევამდე იმ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც ოპონენტების მხრიდან, შესაძლოა, სპეკულაციურად იყოს გამოყენებული.

ფარულ მიყურადებაზე უარის თქმის პრევენციად ოპოზიციის უმრავლესობას სისტემის ცვლილება და ძირეული რეფორმა წარმოუდგენია, თუმცა, პარალელურად, სუსის ხელმძღვანელის პერსონალურ პასუხიმგებლობაზეც საუბრობენ.

პოლიტიკური ოპონენტების წინასაარჩევნო სტრატეგიად აღიქვამენ უმრავლესობაში გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომის მოთხოვნას. 

ინტერნეტსივრცეში მიყურადების ფაილების გასაჯაროებას სახელმწიფოს წინაშე ორგანიზებულ შეტევად აფასებს პრემიერმინისტრი და მასალებს ფაბრიკაციას კიდევ ერთხელ უწოდებს.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე პროკურატურამ საპროცესო და საგამოძიები მოქმედებები ჩაატარა. სამართლებრივი დახმარების ფარგლებში უწყებამ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მიმართა.

დღის ამბები