28 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
ჰქონდა თუ არა პრემიერს ENKA-ს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხზე კომუნიკაცია ერდოღანთან - ირაკლი ღარიბაშვილის განმარტება

ENKA-ს მიერ საქართველოს დატოვებასა და ხელშეკრულებას შეწყვეტას პრემიერი გამოეხმაურა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, კონტრაქტში ბევრი რამ მიუღებელი იყო.

ამასთან, მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე თურქეთის პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

"გიდასტურებთ, რომ ეს კონტრაქტი მე მემკვიდრეობით დამხვდა, ისევე როგორც ძალიან ბევრი რაღაც. ბუნებრივია ამ კონტრაქტში ბევრი რაღაც იყო მიუღებელი და ამის თაობაზე მე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა, რომ ინვესტორს ველაპარაკოთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ჩვენ მოსახლეობას აწუხებდა და მეც მაწუხებდა მათ შორის როგორც რიგით მოქალაქეს ამ ქვეყნის და სავსებით ნორმალურია.

რაც შეეხება ზოგადად პროცესს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით იმისთვის ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია და დიალოგი, და უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ შემდგომ ბედს.

რაც შეეხება კითხვას - მქონდა, თუ არა ამის თაობაზე კომუნიკაცია პრეზიდენტ ერდოღანთან - რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონია კომუნიკაცია ამის თაობაზე. ეს არის წმინდად ინვესტორისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინვესტორი კომპანია ტოვებს - "ნამახვანჰესი" აღარ აშენდება. ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს.

დღის ამბები