28 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
სტიქია და სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენების ჩართულობით - თუშეთიდან ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები გამოჰყავთ

სტიქია და სამაშველო ოპერაცია თუშეთში - გარე სამყაროს მოწყვეტილ ტერიტორიაზე ჩარჩენილი ტურისტებისა და ადგილობრივების გამოყვანას სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი დღეს მთელი დღის მაძნილზე ცდილობდა. 

ნისლისა და შეზღუდული ხილვადობის გამო მფრინავებმა მხოლოდ რამდენიმე რეისი განახორციელეს. მთელი დღის განმავლობაში სტიქიის ზონა ათეულობით ადამიანმა დატოვა.​

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე რამდენიმე ადგილას დამეწყრილი მონაკვეთის აღდგენის სამუშაოების დაწყებამდე, სპეციალისტებმა დაზიანების სიმძიმე შეამოწმეს. გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მოსალოდნელი საფრთხეების შეფასების შემდეგ დაიწყება. სარეაბილიტაციო პროცესის დაწყება კი ისევ და ისევ გარემო პირობებზეა დამოკიდებული.

სტიქიამ გზის გარდა კულტურული ძეგლებიც დააზიანა. მათ შორის ჩამოინგრა სოფელ ომალოში მე-18 საუკუნის დროინდელი ციხის გალავნის ნაწილი. დაზიანდა კესელოს ციხე-სოფლის კომპლექსის 4 სართულიანი კოშკი.

თუშეთის გარდა, ამინდმა პრობლემები კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც შექმნა. პანკისის ხეობაში  ადიდებულმა წყალმა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც სამი სოფელი 2 დღის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. მოსახლეობას ელექტრომომარაგება დღის ბოლოს აღუდგა.  

დღის ამბები