28 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
8 მომხრე და 3 წინააღმდეგი - ექიმის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

8 მომხრე და 3 წინააღმდეგი - ნაფიცი მსაჯულები თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის საქმეზე მთელი ღამე მსჯელობდნენ. 11-კაციანმა შემადგენლობამ გადაწყვეტილება, თითქმის, 10 საათიანი თათბირის შემდეგ, ზუსტად დილის 7 საათსა და 55 წუთზე გამოაცხადა. უმეტესობამ ბრალდებული, ყოფილი პოლიციელი ვანო ზანდარაშვილი განზრახ, მძიმე გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის დამნაშავედ ცნო.

ვერდიქტის შემდეგ, სასჯელის კონკრეტული ზომის დადგენაზე უკვე მოსამართლემ იმსჯელა. გრიგოლ ვატატიძემ, პროკურატურისა და დაზარალებული მხარის ადვოკატის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, სრულად გაიზიარა.

ვერდიქტისა და სასჯელის ზომის განსაზღვრამდე, ნაფიც მსაჯულებს ვანო ზანდარაშვილმა თავად მიმართა. თავდაცვის რეჟიმში მყოფმა ყოფილმა პოლიციელმა, თავი უსამართლო ბრალდების მსხვერპლად მოიხსენია.

გადაწყვეტილებით კმაყოფილია დაზარალებული მხარე. მოკლული ექიმის ოჯახის წევრებმა დღეს განაჩენი სასამართლო დარბაზში მოისმინეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს ადვოკატის პოზიცია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვანო ზანდარაშვილმა მკვლელობა აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა. თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ ინსტანციაში გასაჩივრდება.

მკვლელობა სოფელ იყალთოში სამართალდამცველმა გასული წლის 25 დეკემბერს ჩაიდინა. გამოძიების ინფორმაციით, თელავის პოლიციის მაშინდელი უფროსის მოადგილემ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, სამსახურეობრივი იარაღით, საკუთარ მანქანაში რამდენიმე გასროლით მოკლა.

დღის ამბები