28 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
2 კვირა არჩევნებამდე და აქტიური წინასაარჩევნო კამპანია - საარჩევნო მარათონში ჩართული პარტიები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება, საარჩევნო კამპანია კი სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ, ქალაქის განვითარების მრავალწლიანი პროექტის პრეზენტაცია გამართა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა ერთიანი ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია.

გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა დღეს პარტია "ლელომ". მამუკა ხაზარაძემ თეატრის ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს 5 კანდიდატი გააცნო.

პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ, საარჩევნო სიის პირველი ნომერი და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. ეკონომისტი ალექსანდრე რატიშვილი ამომრჩეველს ეკონომიკის გაცოცხლებას და პოლარიზაციის დასრულებას ჰპირდება.

​ოპოზიციის გარდა, ელექტორატის პრობლემებს დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც ისმენდნენ. "ქართული ოცნების" დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ, ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტლის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნების" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე, ლილოსა და ორხევის მაცხოვრებლებს შეხვდა.

ხალხმრავლობა იყო საბურთალოს რაიონშიც. "ქართული ოცნების" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ახალგაზრდებთან გამართა.

დღის ამბები