28 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
მეგის ქარდავამ სასჯელის მოხდა დაიწყო გუშინდელი დღიდან - პროკურორი

მეგის ქარდავა დიდი ალბათობით მის წინააღმდეგ დამდგარ განაჩენებს გაასაჩივრებს, თუმცა პროკურატურაში უკვე წინმსწრებად აცხადებენ, რომ ეს შედეგებს ვერ შეცვლის. სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ უკვე ძალაშია განაჩენები 5 სხვადასხვა საქმეზე.

მათ შორის ყველაზე ხანგრძლივ, 9 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს სერგო თეთრაძის და ე.წ. კასრების საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები.

პროკურორი, ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ სასჯელის ათვლა დაიწყო გუშინდელი დღიდან, მას შემდეგ რაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"მეგის ქარდავას საბოლოოდ განსაზღვრული აქვს სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამ სასჯელის მოხდას მან დაიწყო გუშინდელი დღიდან, პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების მომენტიდან. რაც შეეხება მეგის ქარდავას მიმართ არსებულ საქმეებს, ორი მათგანი დაკავშირებულია სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვასთან. ერთი მათგანი უკავშირდება შეკვეთით განზრახ მკვლელობას, ხოლო 8 სისხლის სამართლის საქმე გულისხმობს თავისუფლება აღკვეთილი, დაკავებული ან პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ განხორციელებულ წამებასა თუ არა ადამიანურ მოპყრობას. საექსტრადიციო პროცედურების გათვალისწინებით, გარკვეულ შემთხვევებში შეჩერებული იყო საქმეების არსებითი განხილვა, აქედან გამომდინარე, ვინაიდან მოხდა მეგის ქარდავას ექსტრადირება, შესაბამისად, ეტაპობრივად მოხდება ყველა იმ საქმეზე სასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა, რომლებიც იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში," - აცხადებს ამირან გულუაშვილი.

მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

დღის ამბები