28 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
ნიკას ძალიან კარგად ვიცნობდი, ის ძალიან მაგარი ბიჭი იყო - კახა კალაძე ვერაზე მოკლულ 22 წლის ახალგაზრდაზე

რას უკავშირდება ვერაზე მომხდარი მკვლელობა?- ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა არის ვერსიები.

პოლიცია თავდამსხმელს ეძებს, ამოღებულია ჩანაწერები სათვალთვალო კამერებიდან - მასალაში კი, ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ნიღაბი უკეთია. ის ნიკა კვარაცხელიას ავტომობილთან ელოდებოდა.

ნიკა კვარაცხელიას ოჯახს, თბილისის მერი კახა კალაძე სამძიმარს უცხადებს, ის ამბობს, რომ ნიკას ძალიან კარგად იცნობდა და ის უნიჭიერესი და წამატებული ახალგაზრდა იყო.

"ნიკას ძალიან კარგად ვიცნობდი. ის ძალიან მაგარი ბიჭი იყო, განათლებული და წარმატებული. უმძიმესი ფაქტი მოხდა, ვიზიარებ მწუხარებას და მინდა მის ოჯახსა და ახლობლებს მივუსამძიმრო.

რაც შეეხება გამოძიებას, ძალიან მალე იქნება დაკავებული ის პირი, ან პიროვნებები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება დროულად გაიხსნას ეს საქმე,"- განაცხადა თბლისის მერმა კახა კალაძემ. 

22 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, დღეს დილით გარდაიცვალა.

ნიკა კვარაცხელიას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, მისი სიცოცხლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ის სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები