28 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
საუკეთესო გადაადგილების საშუალება უნდა იყოს არა კერძო ავტომობილი, არამედ მუნიციპალური ტრანსპორტი - თბილისის მერის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია "დღის კურიერის“ ეთერში სატრანსპორტო პოლიტიკის და მისი გაუმჯობესების შესახებ საუბრობს. როგორც ანდრია ბასილაია ამბობს, ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა გაიზრდება და მიზანი არის ის, რომ კერძო ავტომობილების მოხმარება შემცირდეს. 

"ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკაც თანხვედრაშია ჩვენი გარემოს დაცვის პოლიტიკასთან, ჩვენი ტრანსპორტის პოლიტიკა არის მორგებული საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ჩვენ ვთქვით, რომ ყველა ის ქუჩა, სადაც ჩვენ შევალთ, ისე დაიგეგმება, რომ პრიორიტეტი მიენიჭება მუნიციპალურ ტრანსპორტს. მუნიციპალური ტრანსპორტი გაიზრდება, ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავსვათ მუნიციპალურ ტრანსპორტზე და შემცირდეს კერძო ავტომობილების მოხმარება.

მომავალი 4 წლის განმავლობაში იქნება ამოქმედებული სატრანსპორტო დერეფნები, იქნება კიდევ გაუმჯობესებული მუნიციპალური ტრანსპორტი, რომ ყველაზე საუკეთესო გადაადგილების საშუალება უნდა იყოს არა კერძო ავტომობილი, არამედ მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს იქნება მთავარი შედეგი და ეს იქნება თანხვედრაში იმ ღონისძიებებთან, რომელთაც ჩვენ განვახორციელებთ გარემოს მიმართულებით,“ - აცხადებს ანდრია ბასილაია. 

დღის ამბები