28 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
გაიმართება თუ არა საგანგებო სხდომა და მივა თუ არა პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელი - რა გამოხმაურება მოჰყვა "ლელოს" ინიციატივას

გაიმართება თუ არა საგანგებო სხდომა და მივა თუ არა პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელი უცნობია.

"ლელოს" ინიციატივას ოპოზიციონერი კანონმდებლების ნაწილი მიესალმება, თუმცა ამ დროსა და მოცემულობაში საჯარო დისკუსიის მნიშვნელობას ვერ ხედავს.

"ლელოს" ინიციატივას ვცემთ პატივს, თუმცა ჩვენი პოზიციაა, რომ ახლა არც "ქართული ოცნების" ე,წ გამოძიებას აქვს აზრი და დიდი აზრი არ აქვს ამ ორ კვირაში საგამოძიებო კომისია. მთავარი ახლა არის 2 ოქტომბრის რეფერენდუმი. თუ 2 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, აუცილებლად ჩატარდება ობიექტური გამოძიება, თუ ვერ გაიმარჯვებს და "ოცნება" რჩება ხელისუფლებაში, მაშინ საპარლამენტო კომისიასაც აზრი არ აქვს, ამიტომ ჩვენ ველოდებით 2 ოქტომბერს,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ტრაგედიას უწოდებს იმ მოვლენებს რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განხილვის მთავარ თემად იქცა და გამოთქვამს მზაობას ჩაერთოს თემის განხილვაში ნებისმიერ ფორმატში. 

"მე ყოველდღე დავდივარ პარლამენტში. 12 საათზე მაქვს ხოლმე Live  და თუ ადამიანები მოვლენ, რომ იმსჯელონ იმ ტრაგედიაზე რაც გვჭირს, მე აქ ვარ და ნებისმიერ მსჯელობაში მივიღებ მონაწილეობას. მეორე საკითხია, ეს მსჯელობა იქნება თუ არა გამოყენებული როგორც წინასაარჩევნო რაღაც ინსტრუმენტი ბრძოლის. თუ იქნება და დავაკვირდები რომ იქნება, შეიძლება არ მივიღო მონაწილეობა. საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ გამოიძიოს, მე მგონია ამისთვის ორკვირიან მონაკვეთში დრო არ არის,"- განმარტავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი კი საკითხის კომისიის ფორმატში განხილვას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ საჭიროა მასში სახალხო დამცველი და საერთშორისო ექსპერტებიც ჩაერთნენ. 

"ამ საკითხებზე უნდა განხორციელდეს საპარლამენტო კონტროლი, საპარლამენტო ზედამხედველობა. ამისი ფორმა ჩვენი აზრით უნდა იყოს კომისია, მაგრამ, თუ შესაძლებელია, ეს განხორციელდეს სხვა ფორმითაც. გამოძიება უნდა ჩატარდეს სახალხო დამცველის და საერთშორისო ექსპერტების ჩართულობით, იმისათვის რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა და გამოძიების ობიექტურობა,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ღიაობის მხრივ პრობლემა არც საკანონმდებლო ორგანოს და არც უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის თქმით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ფორმატი დამახინჯდა. 

"თუ ინიცირება იქნება, რეგლამენტის მიხედვით განხილულიც უნდა იყოს და შესაბამისი პასუხიც უნდა გაეცეს ყველაფერს. თვითონ პროცესი, რასაც ესენი მოითხოვენ, რომ განვითარდეს პარლამენტში, რეალურად არ მოემსახურება კონსტრუქციული დიალოგისა და დასკვნების გაკეთების მიზანს. საგამოძიებო კომისიის თემა ამ პარლამენტში დამახინჯდა. პრაქტიკულად არ არის გამოყენებული კონსტრუქციული თუნდაც დაპირისპირებულ ვითარებაში მსჯელობისთვის," - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები