28 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
არ არსებობს ჩატი, სადაც "სირცხვილია" ენმ-სთან ერთად განვიხილავდით ქილერის დაქირავებასა და სპეცოპერაციის დაგეგმვას - ნოდარ რუხაძე

მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი ნოდარ რუხაძე ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. რუხაძე აბსურდს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რაიმე ჩატში "სირცხვილია" "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად ქილერის დაქირავებისა და სპეცოპერაციის დაგეგმვის თემებს განიხილავდა

"თუ მას მართლა აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ორგანიზაციის რომელიმე წევრს რაღაც კონკრეტულ დანაშაულში მიუძღვის ბრალი, მაშინ გამოაქვეყნოს ეს ინფორმაცია და მიაწოდოს შესაბამის სამსახურებს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჭეშმარიტად და ობიექტურად გამოიძიებენ ამ ყველაფერს. ფიზიკურად არ არსებობს ასეთი ჩატი, სადაც მხოლოდ ჩვენ და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ერთად ვიქნებოდით და განვიხილავდით ქილერის დაქირავებისა და რაღაც სპეცოპერაციის დაგეგმვის თემებს, ეს აბსურდია,"-  აცხადებს მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი ნოდარ რუხაძე. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომ მმართველ გუნდს აქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიდა ჩათებში არეულობის სცენარს განიხილავენ, ერთ-ერთ მაგალითად კი მოჰყავს ციტატა ამ საუბრებიდან - "ქილერის აყვანა და ვინმეს გაგორება".

როგორც კობახიძე ამტკიცებს, მათი ინფორმაციით დასტურდება, რომ რადიკალური ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" მიზანი მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების სისხლიანი დეესკალაციაა.

დღის ამბები