28 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" მორიგი თავდასხმა ეკლესიასა და სახელმწიფოზე - მამუკა მდინარაძე სასულიერო პირების მიმართ ფარულ მიყურადებაზე

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, სპეციალურ ბრიფინგზე, სასულიერო პირების მიმართ ფარული მიყურადების შესახებ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას  გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძის განცხადებით,  ეს "ნაციონალური მოძრაობის" მორიგი თავდასხმაა ეკლესიასა და სახელმწიფოზე. 

"ჩვენ ვიხილეთ "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი კუთვნილი ტელევიზიების მხრიდან მორიგი თავდასხმა ეკლესიასა და სახელმწიფოზე, ეს იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელებაა, რომელსაც ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა ახორციელებს. სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, მელაძე და ჩვენი დროის სხვა ბოლშევიკები, უკვე დიდი ხანია ცდილობენ ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას, თუმცა მათი ყველა ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ, მრავალი საუკუნის მანძილზე გაუძლო მრავალი იმპერიის შეტევას და ბუნებრივია, ამ სასოწარკვეთილი ნეობოლშევიკების შეტევასაც გაუძლებს. 

ფარული თვალთვალი და მოსმენა, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა, ინფორმაციის ფაბრიკაცია და ცრუ ბრალდებების "შეკერვა", ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერების, ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოქვეყნება, უკვე წლებია ამ პოლიტიკური ძალის ხელწერად იქცა. თუმცა, მათ ამ მეთოდებით, ვერც სახელმწიფოს და ვერც ეკლესიის დისკრედიტაცია ვერ შეძლეს. ქართული სახელმწიფო, ქართული ეკლესია და საზოგადოება, დგანან და იდგებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის სადარაჯოზე. ის გარყვნილება, რაც ვიხილეთ "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილი ტელეარხების საშუალებით, იმის შედეგია, რომ ეს პოლიტიკური ძალა მყარად არის დარწმუნებული საკუთარ საარჩევნო მარცხში. ამ პარტიას ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის მტრებს, 2 ოქტომბრის არჩევნებში, საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს. ჩვენ საზოგადოებას ვაძლევთ გარანტიას, რომ საქართველოს ხელისუფლება მყარად დაიცავს, ჩვენს ეროვნულ იდენტობას და ეროვნულ ინტერესებს,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები