28 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ახალგაზრდა დიზაინერების მიერ დაპროექტებული განახლებული სკვერი გაიხსნა

თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე განახლებული სკვერი გაიხსნა, რომელიც ახალგაზრდა დიზაინერების მიერ არის დაპროექტებული. თბილისის მერმა კახა კალაძემ 5 ახალგაზრდა დიზაინერს მადლობის სიგელი გადასცა. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ მათთვის ქალაქის ცენტრის ერთ-ერთი სკვერის დაპროექტება საპასუხისმგებლო დავალება იყო. იმისათვის, რომ სკვერის საბოლოო შედეგი სრულყოფილი ყოფილიყო და შერწყმოდა დედაქალაქის არქიტექტურას, მათ თითოეული დეტალის დამუშავებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს.

ყველა თაობის მოქალაქეზე გათვლილი პარკის მოწყობა ახალგაზრდა არქიტექტორმა, მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა. მონაწილეობა მიიღეს კონკურსში და უპირობო გამარჯვებულებიც გახდნენ. დამწყები დიზაინერი იხსენებს რომ ამ პროექტზე მუშაობა ყველაზე საპასუხისმგებლო იყო.

5 000 კვადრატულ მეტრზე ფართობი სრულად მოეწყო. გაფერადდა ბეტონის კედლები, კეთილმოეწყო მოსასვენებელი ადგილები, დამონტაჟდა ბავშვებისთვის საცოცი კედლები, მოზრდილებისთვის გაკეთდა სავარჯიშო მოწყობილობები. ტერიტორიაზე მიწის საფარიც გარემოს შესაბამის ფერებში დაიგო, ტერიტორია სრულად განათდა.

მანამდე კი ეს ადგილი სავსე იყო ნარჩენებით, ადგილობრივები თითქმის არ გადაადგილდებოდნენ ტერიტორიაზე. სამუშაოების დაწყებამდე კი ადგილზე სპეციალისტებიც მუშაობდნენ, იმის დასადგენად უსაფრთხო იყო თუ არა აქ გასართობი და მოსასვენებელი სივრცის მოწყობა.

პროექტის ავტორები იხსენებენ, რომ მთავარი მოტივაცია მათთვის სწორედ რთული რელიეფი გახდა, თავიდანვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ მითითებულ ვადებში, 3 თვეში ისინი საკუთარი პროექტით ქალაქს ახალ მოსასვენებლ პარკს შემატებდნენ. ტექნიკური უნივერსიტეტეის სტუდენტი არქიტექტორები ახლა შედეგით კმაყოფილები არიან და სხვა კონკურსებში გამარჯვების სურვილით ახალ პროექტებზე მუშოაბა უკვე დაიწყეს.

მეტი გამწვანება და მრავალი ფუნქცია - ეს ის ძირითადი კრიტერიუმები იყო, რომელიც გამარჯვებულმა არქიტექტორთა ჯგუფმა დააკმაყოფილა, კონკურსი საბურთალოს გამგეობამ ახალგაზრდა დიზიაინერებისთვის რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა. თუმცა მანამდე ხანგრძლივი მოლაპარაკებები ადგილობრივებთან მიმდინარეობდა.

"ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტი" - ასე შეაფასა დღეს კახი კალაძემ დამწყები არქიტექტორების ნამუშევარი. მერის თქმით ახალგაზრდების ჩართულობა დედაქალაქის კეთილმოწყობაში, ადგილობრივი მთავრობის პრიორიტეტია. მადლობის ნიშნად მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ავტორებს სიგელები გადაეცათ.

ახალგაზრდების ჩართულობით მსგავსი პროექტები დედაქალაქში რამდენიმე უკვე განხორციელდა, მათ შორის ქუჩის მხატვრობაა, გადასასვლელები და შენობები თბილისში სწორედ დამწყებმა მხატვრებმა მოხატეს.

დღის ამბები