28 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნებამდე 24 დღე რჩება - საარჩევნო კამპანიები აქტიურად მიმდინარეობს, როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში

თვითმმართველობის არჩევნებამდე 24 დღე რჩება. სწორედ ეს დრო აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩევლის დასარწმუნებლად. საარჩევნო კამპანიები აქტიურად მიმდინარეობს, როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები მხარდამჭერებს მათ სამომავლო გეგმებს, ხედვებსა და საარჩევნო პროგრამებს აცნობენ.

წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. პოლიტიკური პარტიები თითქმის ყოველდღე მოსახლეობას საკუთარ ხედვებს, წინასაარჩევნო პროგრამებსა და გეგმებს აცნობენ. დღეს, დღის პირველ ნახევარში ამომრჩეველს "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" მერობის კანდიდატი ესაუბრა. თამარ კეკენაძე გლდანელებს დაპირდა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში გლდანში არაერთი ახალი პროექტი დაიგეგმება და განხორციელდება.

იპოდრომზე, ამომრჩეველს შეხვდა "ლელოს" მერობის კანდიდატი. ანა ბიბილაშვილმა მხარდამჭერებს ქალაქში არსებული გამოწვევები გააცნო და  იმ პროექტების შესახებაც უამბო, რომლის განხორციელებასაც მერობის შემთხვევაში გეგმავს. აღინიშნა, რომ მთავარ პრობლემას ამ ეტაპისთვის დედაქალაქში გენერალური გეგმა წარმოადგენს.

მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს ანზორ მელია. ამჯერად ის ცაიშში, ჭითაწყაროსა და ურთაში იმყოფებოდა. მხარდამჭერებს მელიამ მაჟორიტარობის კანდიდატი - ზვიად ჯღარკავა წარუდგინა. მოისმინა მოსახლეობის პრობლემები და ადგილობრივებს მათ მოგვარებას დაპირდა.

პოლიტიკური პარტიები  საკუთარი გუნდების დასახელებასაც აგრძელებენ, მათ შორის, დღეს მხარდამჭერებს მაჟორიტარობის კანდიდატები "მოქალაქეებმა" წარუდგინეს. ალეკო ელისაშვილმა პრეზენტაცია სიმბოლურად გუდიაშვილის მოედანზე გამართა, როგორც თავად ამბობს, აღნიშნული მოედნის ისტორიული სახის შენარჩუნებისთვის ის 2009 წლიდან იბრძოდა.

თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმაც. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ დედაქალაქის ათივე ოლქში პარტიას კანდიდატები დამოუკიდებლად ეყოლება.

წინასაარჩევნო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე მოსახლეობის დასარწმუნებლად პოლიტიკურ პარტიებს, 24 დღე რჩებათ.

დღის ამბები