28 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებები გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა

ბრალდება მთავარი ბრალმდებლის არჩევის წესის გამო - საკონსტიტუციო ცვლილებებისას გუშინ ღიად დატოვებულ საკითხს, გუშინვე გამოეხმაურა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსი.

ის, რაც დასავლეთის დიპლომატებისთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, "ქართული ოცნებისთვის" რეფორმის გაგრძელებაა, ხოლო ოპოზიციისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი.

საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის წესი ერთადერთია, რომელზეც გუშინ საქართველოს პარლამენტმა კონსენსუსს ვერ მიაღწია.

მმართველი პარტია კრიტიკას არ იღებს და არგუმენტად ევროპის სხვა ქვეყნების მაგალითი მოჰყავს. "ოცნებაში" აცხადებენ, რომ ის წესი, რასაც საქართველოსგან მოითხოვენ, ალბანეთის გარდა სხვა არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას არა აქვს.

ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი კრიტიკის საფუძველი ქვეყნის მთავარი მბრალმდებლის არჩევის ახალ წესზე მმართველი გუნდის უარი აღმოჩნდა.

"სამწუხარო" და "გაშვებული შესაძლებლობა"  - ასეთი შეფასებები საქართველოს პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებიდან მალევე ინდივიდუალურ განცხადებებში ჩაწერეს.

პარტნიორი ქვეყნების დიპლომატების კრიტიკა ძირითადად "ქართული ოცნებისკენაა" მიმართული, თუმცა მხოლოდ მათ არ ეხებათ. ევროკავშირის ელჩი ყველა პარტიას მოუწოდებს, ერთად იმუშაონ სასამართლო სისტემის რეფორმის განსახორციელებლად. ის, რომ სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის დახმარება ეს კარლ ჰარცელის განცხადების მთავარ გზავნილად აღიქვეს ოპოზიციის უმრავლესობაში.

ევროკავშირის მხრიდან დახმარების შესაძლო გადახედვას მმართველ პარტიაში არ განიხილავენ. რა უნდა გაკეთდეს მართლმსაჯულების სისტემის ძირეული რეფორმისთვის ამ კითხვაზე პასუხები სახელისუფლებო გუნდის წევრებმა დღეს იმ დიპლომატებისგან ითხოვეს, რომლებიც "ქართულ ოცნებას" სწორედ ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.

მთავარი ბრალმდებლის არჩევის წესის ჩაგდება ოპოზიციის ნაწილისთვის დღეს კიდევ ერთი მიზეზი გახდა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით კითხვები დაესვათ.

ოპოზიციის საპასუხოდ მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საგარეო კურსიც ისევე, როგორც, პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება "ქართული ოცნების" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი მიმართულებაა.

გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესის ჩაგდების მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მრავალპარტიული მხარდაჭერის პირობებში მიიღო. ცვლილებით გათვალისწინებული ჩანაწერი, რომ მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულიყო ქვეყნების უზენაეს კანონში აღარ ჩაიწერება.

დღის ამბები