თელავის რაიონულ სასამართლოში 5 საათზე მეტია, საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის, ვანო ზანდარაშვილის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების ნაწილი გამოიკითხნენ, მათ შორის მოკლული ზურაბ საჩიშვილის ოჯახის წევრები.
სხდომის მიმდინარეობისას სიტყვის თქმის უფლებით რამდენჯერმე ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. ყოფილი პოლიციელი ვანო ზანდარაშვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, თუმცა გამოძიებას განზრახ მკვლელობის ნაწილში არ ეთანხმება და განმარტავს, რომ დანაშაული აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა. ვინაიდან, მანქანით მგზავრობისას ზურაბ საჩიშვილი მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.
ფაქტი გასული წლის 25 დეკემბერს, ღამით, თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვანო ზანდარაშვილსა და ზურაბ საჩიშვილს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც ზანდარაშვილმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურაბ საჩიშვილს ახლო მანძილიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა.
ზურაბ საჩიშვილი მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალის დამტკიცების შემეთხვევაში, ვანო ზანდარაშვილს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.