28 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის საკუთარი თვალით ხილვა - ამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

საქართველოში მყოფი ამერიკელი კონგრესმენები შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. კონგრესის წრამომადგენელთა პალატის წევრები  ოძისში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

"მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ოკუპაციის საკუთარი თვალით ხილვა. აქ ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. მივესალმები ჩვენს მოწვევას. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და არსებული ვითარების საკუთარი თვალით ნახვა. ერთია წაიკითხო ამის შესახებ და მეორეა, ჩამოხვიდე და იხილო თუ როგორ გამოყურება საოკუპაციო ზონა,"- აღნიშნა კონგრესმენმა ბრაიან სტეილმა.

"მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ არსებული ვითარების - ოკუპაციის ნახვა და მნიშვნელოვანია გავაგებინოთ რუსეთს, რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს და ღრმად ვართ შეშფოთებულები იმ აგრესიით, რომელსაც აქ აქვს ადგილი. აქ სულ აშშ-ის ხუთი კონგრესმენი ვიმყოფებით იმის გამოსახატავად, რომ ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე და მხარს ვუჭერთ მას," - განაცხადა კონგრესმენმა ალექს მუნიმ.

"ერთია მოისმინო ამის შესახებ, მაგრამ მეორეა საკუთარი თვალით იხილო და უშუალოდ მოისმინო რუსეთის საქართველოში შემოჭრის საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩამოხვიდე და თავად იხილო ყოველივე. მჩაგვრელები ძალიან არ მიყვარს,"- განაცხადა კონგრესმენმა კელი არმსტრონგმა.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ყოფნა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიის დანახვა. მნიშვნელოვანია ვნახოთ რა ხდება იმ ქვეყანაში, რომელთანაც მეგობრობა გვაკავშირებს, ასევე მნიშვნელოვანია ერთობლივად მუშაობა,"- აღნიშნა კონგრესმენმა როლანდ ესტესმა.

კონგრესმენებმა საქართველო-აშშ-ის მეგობრობაზე და აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება.

"აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ქართველების უფლებას, იყვნენ საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს, მისი მთავრობისა და დემოკრატიის მეგობარი ქვეყანა," - განაცხადა კონგრესის წარმომადგენელმა კეროლ მილერმა.

დღის ამბები