28 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება - მმართველმა პარტიამ კანდიდატები დღეს რაჭა-ლეჩხუმში წარადგინა

არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება - პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებენ. "ქართული ოცნება" მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას რეგიონებში აგრძელებს. იმერეთის შემდეგ მმართველმა ძალამ დღეს რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებში წარადგინა ის პირები, რომლებიც მოახლოებულ არჩევნებში "ქართული ოცნების" სახელით იყრიან კენჭს. კანდიდატების წარდგენისას გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.

პრემიერ-მინისტრმა, რომელიც პირადად წარადგენს კანდიდატებს, აღნიშნა, რომ სიღარიბის პრობლემა ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება და ხელისუფლება მის დასაძლევად ყველაფერს გააკეთებს.

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში დღეს ყოფილი დეპუტატებიც ჩაერთნენ. ცაგერში ამომრჩეველს სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა კარლო კოპალიანმა. მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" რჩეული ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, გიორგი ნემსაძეა.

პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ცაგერის შემდეგ ლენტეხში ჩავიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად გიორგი ონიანი წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარემ ამორჩევლებთან ყურადღება ტურიზმის სფეროსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა.

გიორგი ონიანმა ლენტეხში ჩასულ პრემიერს საჩუქრად ხმალი გადასცა.

დღის ბოლოს მმართველმა გუნდმა ამბროლაურში მერობის კანდიდატი დავით მხეიძე წარადგინა. მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი და მეღვინეობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რაზეც გამოსვლების დროს ისაუბრეს. საზოგადოებამ იმ გეგმების შესახებ მოისმინა, რომელიც მთავრობას რეგიონის განვითარებისთვის აქვს შემუშავებული.

დღესვე პრემიერმა ონი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაათვალიერა. პროექტის დასრულების შემდეგ, საჩხერე-ონის სამგზავრო დრო მნიშვნელოვნად შემცირდება, თბილისიდან ონში მგზავრობას კი ხუთის ნაცვლად 3 საათი დასჭირდება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გზის მშენებლობა სექტემბერში უნდა დასრულდეს.

დღესვე პრემიერ-მინისტრმა "აწარმოე საქართველოში" პროგრამით დაარსებული საწარმო "მეღვინეობა ნაბერაული" დაათვალიერა. საწარმომ პროექტის ფარგლებში 2018 წელს 600 ათასი ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა. საწარმო თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. ამის გათვალისწინებით, თბილისსა და რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.

დღის ამბები