28 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
უარი ევროკავშირის სესხზე - რა შეფასებები მოჰყვა ხელისუფლების უარს ევროკავშირის მეორე ტრანშზე და რითი ხსნის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი  

სალომე ზურაბიშვილისთვის გაუგებარია ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის მხრიდან დამატებითი სესხის აღებაზე უარს ამბობს და მიზეზად საგარეო ვალის შემცირებას ასახელებს. 

ხელისუფლების მხრიდან დამატებით 75 მილიონი ევროს სესხის აღებაზე უარის თქმა სიურპრიზი აღმოჩნდა საქართველოში ამერიკის ელჩისთვის. კელი დეგნანმა თქვა, რომ კონგრესი აკვირდება, რა ხდება ოფიციალურ თბილისში და ისინი ყოველთვის არიან კოორდინაციაში საქართველოს მთავრობასთან.

კელი დეგნანის შეფასებას მალევე გამოეხმაურა მთავრობის მეთაური. პრემიერ-მინისტრმა მედიის კითხვაზე დღეს უპასუხა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ხელისუფლება პარტნიორებს კიდევ ერთხელ აუხსნის თუ რა მოტივით თქვა უარი სახელმწიფომ დამატებით სესხზე. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია ცრუ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს

მთვარობის გადაწყვეტილებას ანტიდასავლურ ნაბიჯად აფასებენ ოპოზიციაში, სადაც მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სესხზე უარის თქმით რუსული გზა აირჩია. ოპოზიცის ნაწილი კი აქცენტს მართლმსაჯულების რეფორმაზე აკეთებს და აცხადებს, რომ სწორედ ეს გახდა დამატებით 75 მილიონი ევროს სესხზე უარის თქმის მიზეზი.

ოპოზიციას მმართველ გუნდში უპასუხეს, რეფორმები გაგრძელდება, დამატებით სესხის აღებაზე უარის თქმა კი სახელმწიფოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - ასეთია "ქართული ოცნების" პოზიცია.

ევროკავშირის მხრიდან მეორე ტრანშზე უარი საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ თქვა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ითვალისწინებენ იმ არგუმენტებს, რომლებიც მმართველ გუნდს აქვს, თუმცა, მათი შეფასებით, ხელისუფლებამ სრულყოფილად არ განახორციელა სასამართლო სისტემის რეფორმა, რაც ევროკავშირის სესხის მიღების მთავარი წინაპირობა იყო.

დღის ამბები